ერაყის პარლამენტმა მიიღო კანონპროექტი, რომელიც სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას ითვალისწინებს ერთნაირსქესიანთა ურთიერთობისთვის. იუწყება ВВС
ახალი კანონმდებლობით ერთნაირსქესიან წყვილებს 10-დან 15 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.
ასევე ერთიდან სამ წლამდე პატიმრობა ემუქრებათ ტრანსგენერ პირებსაც.
კანონპროექტის ავტორები ამბობენ, რომ ამით ქვეყნის რელიგიურ ფასეულობებს დაიცავენ.
უფლებადამცველები აცხადებენ, რომ ეს არის კიდევ ერთი „შავი ლაქა“ ერაყში ლგბტ ადამიანების უფლებების დარღვევასთან დაკავშირებით.
ასევე ახალი კანონმდებლობით, მათ, ვინც ჰომოსექსუალობას ან პროსტიტუციას უწყობს ხელს, ექიმებს, რომლებიც ასრულებენ სქესის შეცვლის ოპერაციას, კაცებს, რომლებიც "განზრახ" იქცევიან, როგორც ქალები და ისინი, ვინც "ცოლის შეცვლას" მოინდომებს, ასევე პატიმრობა ემუქრებათ.
ВВС აღნიშნავს, რომ კანონპროექტის წინა ვარიანტი - ცვლილება პროსტიტუციის წინააღმდეგ კანონში, რომელიც მიღებულ იქნა 1980-იანი წლების ბოლოს - ითვალისწინებდა სიკვდილით დასჯას ერთნაირსქესიანთა ურთიერთობებისთვის.
თუმცა, ის შეიცვალა აშშ-სა და სხვა დასავლეთის ქვეყნების წინააღმდეგობის შემდეგ.
გამოცემა იხსენებს, რომ ერაყის მთავარმა პოლიტიკურმა პარტიებმა ბოლო წლებში გააძლიერეს ლგბტ უფლებების კრიტიკა და საპროტესტო აქციებზე ცისარტყელას დროშები დაწვეს.
ამასთან, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა განცხადებაში დაწერა, რომ ერაყის მიერ მსგავსი გადაწყვეტილებების მიღება საფრთხეს უქმნის ადამიანის უფლებებსა და თავისუფლებებს.
გარდა ამისა, ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა დევიდ ქემერონმა ამ ცვლილებებს "საშიში და შემაშფოთებელი" უწოდა.
„ჩვენ მოვუწოდებთ ერაყის მთავრობას, დაიცვას ყველა ადამიანის უფლებები და თავისუფლებები გამონაკლისის გარეშე“, - ხაზგასმით აღნიშნა კამერონმა.