შეერთებული შტატების სამხედრო დახმარების უახლესი პაკეტის მიხედვით, უკრაინა, სავარაუდოდ, შორ მანძილზე მოქმედების ATACMS-ის ტიპის ტაქტიკურ რაკეტებს მიიღებს. ამის შესახებ სენატის დაზვერვის კომიტეტის თავმჯდომარემ მარკ უორნერმა CBS-News-თან ინტერვიუში განაცხადა.
მისი თქმით, როგორც კი სენატში დამტკიცებული კანონპროექტი პრეზიდენტს ხელმოსაწერად გაეგზავნება, უკრაინას დაუყოვნებლივ გადაეცემა პაკეტი, რომელშიც შორ მანძილზე მოქმედი ATACMS-ის ტიპის რაკეტები შევა.
სენატორის თქმით, სენატში კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებული პროცედურების დასრულების შემდეგ, შეიარაღების მიწოდება, შესაძლოა, მომავალი კვირის ბოლოს დაიწყოს. უორნერმა დასძინა, რომ პენტაგონს უკვე უნდა ჰქონდეს მზად ATACMS-ის რაკეტები უკრაინაში გასაგზავნად.
ATACMS-ი არის ტაქტიკური ბალისტიკური რაკეტა, რომელიც შექმნილია მტრის აღჭურვილობის, ცოცხალი ძალისა და სტრუქტურების გასანადგურებლად. მისი გაშვება შესაძლებელია M270 MLRS-სა და M142 HIMARS-ის ტიპის თვითმავალი სისტემებიდან, რომლებიც უკვე ემსახურება უკრაინის შეიარაღებულ ძალებს.