ამერიკული დახმარება უკრაინაში, სავარაუდოდ, პუტინის ზაფხულის შეტევას ჩაშლის. ამის შესახებ ნათქვამია ამერიკის ომის შემსწავლელი ინსტიტუტის (ISW) ანგარიშში.
ამასთან, ექსპერტების თქმით, რუსეთის არმიამ უახლოეს მომავალში, შესაძლოა, გააძლიეროს თავდასხმები, ვიდრე უკრაინა აშშ-ის სამხედრო დახმარებას მიიღებს.
„რუსი სამხედროების დასკვნით, უკრაინული ძალები ვერ შეძლებენ დაცვას მიმდინარე და მომავალი შეტევითი ოპერაციებისგან აშშ-ს სამხედრო დახმარების დაგვიანების ან სრული არარსებობის გამო. ეს ვარაუდი, სავარაუდოდ, ზაფხულის საოპერაციო დაგეგმვის განუყოფელი ნაწილი იყო“, - ნათქვამია ანგარიშში.
ISW-ის ცნობით, რუსეთი გეგმავს "ისარგებლოს შეზღუდული ფანჯრით", ვიდრე უკრაინა აშშ-ის ახალ სამხედრო დახმარებას მიიღებს. სამხედრო ექსპერტების აზრით, დახმარების განახლებამ შესაძლოა, აიძულოს რუსეთი ჯარი, უარი თქვას გარღვევის მცდელობაზე, რომელმაც შესაძლოა, გამოიწვიოს თავდაცვის ხაზის მოშლა.
თუმცა, ანგარიშის ავტორების თანახმად, რუსეთის არმიას მაინც შეუძლია მიაღწიოს მნიშვნელოვან წარმატებებს ფრონტის პრიორიტეტულ მონაკვეთებზე, სადაც უკრაინის თავდაცვა არასტაბილურად გამოიყურება, ერთ-ერთი ასეთი ადგილი შეიძლება იყოს ქალაქი ჩასივ იარი. გასულ დღეებში უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა ოლექსანდრ სირსკიმ განაცხადა, რომ რუსმა სამხედროებმა მიიღეს ბრძანება ჩასივ იარის 9 მაისამდე დაკავების შესახებ.
შეგახსენებთ, აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ 60,8 მილიარდი დოლარის ოდენობით უკრაინის სამხედრო დახმარების პაკეტის გამოყოფას მხარი დაუჭირა.
სენატი კანონპროექტს, სავარაუდოდ, მომავალ კვირას განიხილავს, რის შემდეგაც დოკუმენტი ხელმოსაწერად აშშ-ის პრეზიდენტს გადაეგზავნება.