აშშ-ის სენატის უმრავლესობის ლიდერი, ჩაკ შუმერი სოციალურ ქსელში წერს, რომ აშშ-ის სენატი უკრაინისა და ისრაელის დახმარებასთან დაკავშირებულ კანონპროექტებს 23 აპრილს უყრის კენჭს.
როგორც ჩაკ შუმერი აღნიშნავს, სენატი მზადაა, გადადგას შემდეგი ნაბიჯი ეროვნული უსაფრთხოების კუთხით.
„წარმომადგენელთა პალატამ საბოლოოდ დაამტკიცა დაფინანსება უკრაინის, ისრაელის, ინდო-წყნარი ოკეანისა და ჰუმანიტარული დახმარებისთვის“,- წერს შუმერი სოციალურ ქსელში.
ამასთან, პენტაგონს შესაბამისი კანონმდებლობის მიღებისთვის ყველა საჭირო პროცედურების დასრულების შემდეგ ერთ კვირაზე ნაკლები დასჭირდება რათა იარაღის ნაწილი უკრაინულ დანაყოფებს მიაწოდოს. ამის შესახებ Washington Post იუწყება.
აშშ-ს ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ პენტაგონი მზად არის მნიშვნელოვანი სამხედრო დახმარება გაუწიოს უკრაინას მას შემდეგ, რაც სენატი დაამტკიცებს უკრაინის დახმარების კანონპროექტს მომავალ კვირას და პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ხელს მოაწერს კანონს.