მედიის ცნობით, სომხეთი და აზერბაიჯანი შეთანხმდნენ, თუ სად გაივლის მათ შორის სახელმწიფო საზღვრის ნაწილი. მხარეები „წინასწარ შეთანხმდნენ სასაზღვრო ხაზის ცალკეული მონაკვეთების გავლაზე“ ოთხ დასახლებულ პუნქტს შორის, რათა ეს მონაკვეთები „შეესაბამებოდეს იმ საზღვარს, რომელიც არსებობდა საბჭოთა კავშირის ფარგლებში მისი დაშლის დროს“, - ნათქვამია სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში. აღნიშნულ განცხადებას აზერბაიჯანულმა მხარე ადასტურებს.
ამ შეთანხმების შედეგად ერევანი აზერბაიჯანის კონტროლს გადასცემს ტავუშის რეგიონის ოთხ სოფელს, რომლებსაც სომხეთი აკონტროლებდა 1990-იანი წლების დასაწყისიდან. „ამ პროცესში სომხეთის რესპუბლიკა იღებს საზღვრების დელიმიტაციასა და უსაფრთხოებასთან დაკავშირებული რისკების შემცირებას“, - აღნიშნულია სომხეთის პრემიერ-მინისტრის ადმინსიტრაციის განცხადებაში.
ბაქო და ერევანი შეთანხმდნენ უახლოეს მომავალში ჯარების გაყვანაზე შეთანხმებული მონაკვეთებიდან და იქ სასაზღვრო სამსახურების განთავსებაზე, ასევე გააგრძელონ საზღვრის ყველა სხვა მონაკვეთის დელიმიტაციის პროცესი, მათ შორის ანკლავებისა და ექსკლავების საკითხებზე.
ამასთან, 17 აპრილს ცნობილი გახდა, რომ რუსეთმა მთიანი ყარაბაღიდან სამშვიდობო ძალების გაყვანა დაიწყო – ეს კრემლშიც დაადასტურეს. რუსული ჯარები მთიან ყარაბაღში იმყოფებოდნენ აზერბაიჯანის, სომხეთისა და რუსეთის მიერ 2020 წლის შემოდგომაზე სომხურ-აზერბაიჯანული კონფლიქტის მორიგი ესკალაციის შედეგად დადებული ხელშეკრულებების შესაბამისად.