Bloomberg-ის წყაროების ცნობით, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა, აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან ალასკაში შეხვედრის შემდეგ, სამხედრო ესკალაციის გაგრძელების, მათ შორის უკრაინის ენერგეტიკულ და სხვა ინფრასტრუქტურაზე დარტყმების გაძლიერების გადაწყვეტილება მიიღო .
წყაროების ცნობით, „პუტინი მივიდა დასკვნამდე, რომ სამხედრო ესკალაცია უკრაინის მის პირობებზე მოლაპარაკების იძულების საუკეთესო გზაა და ნაკლებად სავარაუდოა, რომ დონალდ ტრამპი კიევის თავდაცვის გასაძლიერებლად რაიმე მნიშვნელოვანს გააკეთებს“.
წყაროების ცნობით, პუტინი აპირებს უკრაინის ენერგოსისტემასა და სხვა ინფრასტრუქტურაზე დარტყმების გაგრძელებას.
მათი თქმით, ალასკის მოლაპარაკებებმა პუტინი დაარწმუნა, რომ ტრამპი კონფლიქტში ჩარევით არ იყო დაინტერესებული.
ანკორიჯში პუტინმა შესთავაზა საომარი მოქმედებების დასრულება და სამხრეთ უკრაინაში შეხების ხაზის გაყინვა, თუ კიევი დათანხმდებოდა დონეცკისა და ლუჰანსკის რეგიონების არაოკუპირებული ტერიტორიების გადაცემას.
ის ასევე ადრე ითხოვდა, რომ უკრაინას შეეზღუდა შეიარაღებული ძალების რაოდენობა და უარი ეთქვა ნატო-ში გაწევრიანების მიზანზე.
როგორც კრემლთან დაახლოებულმა პირებმა გამოცემას განუცახდეს, უკრაინამ უარყო ეს პირობები და პუტინი მიიჩნევს, რომ ეს ამართლებს მის ესკალაციას.
Bloomberg -ის მიერ უკრაინის საჰაერო ძალების სარდლობის ინფორმაციაზე დაყრდნობით შედგენილი მონაცემების თანახმად, ტრამპისა და პუტინის მოლაპარაკებების შემდეგ თვეში უკრაინაზე რუსული დრონებისა და სარაკეტო თავდასხმების რაოდენობა დაახლოებით 46%-ით გაიზარდა.
წყაროების თქმით, პუტინი ასევე აკვირდება ღაზაში მიმდინარე ომს.
ის ნეთანიაჰუს კამპანიას ღაზაში უფრო სასტიკად მიიჩნევს, ვიდრე რუსეთის ომს უკრაინაში და აღნიშნავს, რომ ეს დიდწილად მიღებულია აშშ-სა და ევროპის მთავრობების მიერ, რაც ძირს უთხრის მათ კრიტიკას მოსკოვის მიმართ.
გამოცემის წყაროების ცნობით, რუსეთის პრეზიდენტი გააგრძელებს ნებისმიერ დიალოგს შეერთებულ შტატებთან, თუმცა ასევე გააგრძელებს იმ ქნედებებს, რასაც საჭიროდ მიიჩნევს.