აშშ-ის ყოფილმა ვიცე-პრეზიდენტმა მაიკ პენსმა განაცხადა, რომ თუ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი უკრაინაში გაიმარჯვებს, ის თავს დაესხმება ნატო-ს ქვეყანას და ამერიკელ სამხედროებს ევროპაში რუსეთის წინააღმდეგ მოუწევთ ბრძოლა.
„ვლადიმირ პუტინთან შეხვედრის გამოცდილებიდან გამომდინარე, ეჭვი არ მეპარება, რომ თუ პუტინ უკრაინის ხელში ჩაგდებას შეძლებს, ძალიან მალე ის ნატო-ს ქვეყნის საზღვარს გადაკვეთს, სადაც ჩვენს სამხედრო ფორმაში ჩაცმულ კაცებსა და ქალებს მოუწევთ ბრძოლა. “ - განუცხადა მან CNN-ს.
პენსმა აღნიშნულის შესახებ ბრიუსელის ფორუმზე გამოსვლისას ისაუბრა.
მისივე თქმით, ამიტომ აუცილებელია, რომ აშშ-მა დაუყოვნებლივ გამოუყოს დახმარება უკრაინას.
„იზოლაციონიზმი არასოდეს წარმოადგენს პასუხს ტირანების მიმართ, რომლებსაც ექსპანსიონისტური ზრახვები აქვთ. მჯერა, რომ კონგრესმენების უმრავლესობას ესმის ამის“, - განაცხადა მაიკ პენსმა.