პოლონეთის პრეზიდენტი ანჯეი დუდა ნიუ-იორკში აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტს დონალდ ტრამპს შეხვდა.
შეხვედრა ორ საათზე მეტ ხანს გაგრძელდა.
შეხვედრის დაწყებამდე ტრამპმა თქვა, რომ მას პირადი ურთიერთობა აქვს დუდასთან და ახსოვს, რომ ერთად მუშაობდნენ და დასძინა, რომ "პოლონელებს ის ძალიან უყვართ".
"ის ჩემი მეგობარია, ჩვენ ერთად გავატარეთ მშვენიერი ოთხი წელი... ჩვენ კვლავ ვუჭერთ მხარს პოლონეთს", - თქვა ტრამპმა.
საუბრის შემდეგ ანჯეი დუდამ განაცხადა, რომ ეს იყო „მეგობრული შეხვედრა ძალიან კარგ ატმოსფეროში“.
როდესაც დუდას მანამდე ჰკითხეს, აწუხებს თუ არა ის, რომ ტრამპთან შეხვედრამ შესაძლოა, ბაიდენის ადმინისტრაციასთან ურთიერთობის გაციება გამოიწვიოს, დუდამ თქვა, რომ მას ასეთი შეშფოთება არ აქვს, რადგან შეხვედრები სახელმწიფო ლიდერებსა და ყოფილ ლიდერებს შორის, რომლებიც მათი კოლეგები იყვნენ, ნორმალური პრაქტიკაა, განსაკუთრებით მეგობარ ქვეყნებს შორის. მისი თქმით, ლოგიკურია კარგი ურთიერთობების დამყარება პოლიტიკურ ასპარეზზე ყველა მთავარ მოთამაშესთან.
სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა მეთიუ მილერმა განაცხადა, რომ სხვა ქვეყნების ლიდერებსა და აშშ-ის საპრეზიდენტო კანდიდატებს შორის კონტაქტები ნორმალური პრაქტიკაა და აშშ-ის ლიდერები ასევე ხშირად ხვდებიან სხვა ქვეყნების ოპოზიციურ პოლიტიკოსებს.