ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა ბრიუსელში ევროკავშირის სამიტის პირველი დღის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ უკრაინისთვის იარაღის მიწოდება დღეებისა და კვირების საკითხია და არა თვეების.
„მნიშვნელოვანია, რომ შევასრულოთ ჩვენი დაპირებები და შემიძლია დაგარწმუნოთ, რომ ყველა დაინტერესებული მოთამაშე აკეთებს ყველაფერს, რათა დააჩქაროს, მეტი ძალისხმევა გაიღოს ჩვენი თავდაცვის წარმოების შესაძლებლობების გაზრდისთვის ძალიან მოკლე დროში. მაგრამ ეს საკმარისი არ არის. მეტი უნდა გავაკეთოთ. და ჩვენ ასევე ვცდილობთ, თუ ეს შესაძლებელია, გამოვიყენოთ მეტი ის, რაც მარაგშია, განსაკუთრებით საჰაერო თავდაცვის სფეროში“, - თქვა მან.
მიშელის თქმით, ევროკავშირის ყველა ლიდერი გაერთიანებულია უკრაინის მხარდაჭერის საკითხში, ესმით მეტი აღჭურვილობის, მათ შორის საჰაერო თავდაცვის სისტემების მიწოდების აუცილებლობა და მონაწილეობა შვეიცარიაში უკრაინის მშვიდობის ფორმულის კონფერენციაში.
17 აპრილს ბრიუსელში ევროკავშირის ლიდერების ორდღიანი სამიტი დაიწყო, რომელზეც სხვა საკითხებთან ერთად, განიხილავენ უკრაინის სამხედრო დახმარების საკითხს, ასევე რუსეთის ჩარევას ევროკავშირის დემოკრატიული ინსტიტუტების მუშაობაში. სამიტი 18 აპრილს დასრულდება.