გერმანიის თავდაცვის მინისტრმა ბორის პისტორიუსმა და საგარეო საქმეთა მინისტრმა ანალენა ბარბოკმა ევროკავშირს, ნატო-ს და მესამე ქვეყნებს უკრაინისთვის იარაღის მიწოდების შესახებ ახალი ინიციატივით მიმართეს. გერმანიის წინადადება ასევე განიხილება ამ კვირაში დიდი შვიდეულისქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე.
უკრაინა საბრძოლო მასალის ნაკლებობას განიცდის, რადგან აშშ-ის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი დაფინანსება რესპუბლიკელებს კონგრესში თვეების განმავლობაში დაბლოკილი აქვთ, ევროკავშირი კი ვერ ახერხებს საბრძოლო მასალის დროულად მიწოდებას.
გერმანიის ინიციატივა მხარდაჭერის გაზრდის შესახებ „მიზნად ისახავს დიდი რაოდენობის ქვეყნების გააქტიურებას და მოტივაციას, რათა უზრუნველყონ {დამხარება} მოკლევადიან პერიოდში. რადგან ჩვენ ნამდვილად ვხედავთ ცვლილებას უკრაინაში საფრთხესთან დაკავშირებით. ამის შესახებ ჩვენი უკრაინელი პარტნიორები გვამცნობენ. რუსეთი სულ უფრო ხშირად იყენებს ჭურვებს, რომლებიც შეიძლება გაისროლოს უკრაინის საზღვრიდან დიდი მანძილის მოშორებით მდებარე ტერიტორიიდან“, - განაცხადა გერმანიის თავდაცვის სამინისტროს სპიკერმა ბრიფინგზე.
სპიკერის თქმით, უკვე ბევრმა პარტნიორმა და ქვეყანამ გამოხატა ინტერესი შეუერთდნენ ინიციატივას.
გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა განაცხადა, რომ ინიციატივის ფოკუსირება კეთდება იარაღის დაუყოვნებლივ მიწოდებაზე.
„ჩვენ ახლა გვჭირდება საჰაერო თავდაცვის სისტემები, უკრაინას სჭირდება ახლა. გარდა ამისა, მიმდინარეობს პროცესები ნატო-ს შიგნით და ჩვენს პარტნიორებს შორის, რათა კიდევ ერთხელ გადავხედოთ მარაგებს“, - განაცხადა სპიკერმა.
ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრმა მარკ რუტემ განაცხადა, რომ ნიდერლანდები, დანია და ჩეხეთი განიხილავენ, თუ რისი გაკეთება შეიძლება გერმანიის ინიციატივის მხარდასაჭერად უკრაინისთვის საჰაერო თავდაცვის სისტემების მისაწოდებლად.