„გუშინ, პარლამენტის კომიტეტი 11 საათის განმავლობაში განიხილავდა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ საკანონმდებლო ინიციატივას და საზოგადოება დარწმუნდა, რომ არსებობს სრული მზადყოფნა და გახსნილობა იმასთან დაკავშირებით, რომ ნებისმიერ შეკითხვაზე იყოს გაცემული პასუხი და ნებისმიერი არგუმენტი ყველას სათანადოდ მოესმინა“, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ არჩილ თალაკვაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.
მისი თქმით, ის, რომ გამჭვირვალობა და ანგარიშვალდებულება არის პრიორიტეტული -ამას ადასტურებს თავად ევროკავშირის ანგარიში.
„ევროკავშირის 10 გამოკითხული მოქალაქიდან 8 მიიჩნევს, რომ გარე ჩარევა მათ შორის, დაფინანსება რომელიც შემოდის მესამე მხარისგან - არის პრობლემა მისი ქვეყნის და ევროკავშირის დემოკრატიისთვის და რა თქმა უნდა, ეს არის პრობლემა საქართველოსთვისაც და სწორედ, ამიტომ არის ინიცირებული ეს კანონპროექტი“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ.
მისივე ინფორმაციით, ევროპარლამენტის ახალ ანგარიშში პირდაპირ არის ნათქვამი, რომ ევროკავშირისგან გრანტის მიმღებმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა და ბენეფიციარებმა უნდა უზრუნველყონ სრული გამჭვირვალობა და ანგარიშვალდებულება.
„ამ ორგანიზაციებმა დეტალურად უნდა წარუდგინონ საზოგადოებას და ევროკავშირს ანგარიში იმასთან დაკავშირებით თუ როგორ ნაწილდება თანხები. რა თანხებს იღებენ არა მხოლოდ ძირითადი ბენეფიციარები არამედ, ქვეკონტრაქტორებიც და როგორ ხარჯავენ ისინი ევროკავშირისგან გამოყოფილ გრანტებს. მათ შორის იქ საუბარია წყაროებზე. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ის, რაზეც დღეს მსჯელობს საქართველო - გაცილებით ადრე, ჯერ კიდევ გასულ წელს იყო ძალიან აქტუალური ევროკავშირისთვის და დღემდე რჩება იქაც აქტიური პოლიტიკური დისკუსიის საკითხად“,- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
მისი თქმით, მმართველი გუნდი მიესალმება ნებისმიერ იდეას, ინიციატივას თუ კრიტიკას, მხოლოდ ის უნდა იყოს წარმოდგენილი გამჭვირვალედ.
მან კიდევ ერთხელ განმარტა, რომ აღნიშნული საკანონმდებლო ინიციატივა არ უკრძალავს არავის საქმიანობას, არ ეხება ფიზიკურ პირებს და მათ შემოსავლებს, არც ფერმერებს, არც პედაგოგებს, არც მეცნიერებს და არც ნებისმიერი სხვა პროფესიის ადამიანებს. ასევე, არ ეხება ჩვენი თანამემამულეების მიერ განხორციელებულ გადმორიცხვებს საზღვარგარეთიდან და ეხება მხოლოდ და მხოლოდ იმ არასამთავრობო ორგანიზაციებს, არასამეწარმეო იურიდიულ პირებს, რომელთაც 20%-ზე მეტი დაფინანსება აქვთ საზღვარგარეთიდან.
„მთელი დღის განმავლობაში გუშინ ყველა ბრუნვაში გვესმოდა ბრალდებები - „რუსული“, „რუსულმა“, „რუსულს“. ბრალდებები გვესმოდა მათ შორის იმ ხალხისგან, ვინც საქართველოს რომ არ მიეღო ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი ამაში იხდიდა ფულს, დადიოდა ევროპაში და არწმუნებდა ჩვენს პარტნიორებს, რომ საქართველოსთვის არ უნდა მიეცათ კანდიდატის სტატუსი. ვინც ევროპული მომავლის საბოტაჟით იყო დაკავებული ის ადამიანები ბედავენ და ჩვენ გვაბრალებენ, რომ თითქოს რაღაც „რუსული პროექტი“ არის შემოტანილი. სინამდვილეში, ევროპული პერსპექტივა სწორედ, ჩვენმა ხელისუფლებამ დააბრუნა ამ ქვეყანაში საზოგადოების მხარდაჭერით. ჩვენ მივიღეთ უვიზო მოსვლა, გავაფორმეთ თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება, ჩვენ მივიღეთ კანდიდატის სტატუსი. მედია, ბიზნესი დღეს არის თავისუფალი და ადამიანის უფლებების დაცვა და პატივისცემა დაბრუნდა ქვეყანაში“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.