გორში ახალი წლის დღეებში სხვადასხვა სახის ღონისძიებები გაიმართება.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" გორის, კასპის, ქარელისა და ხაშურის მუნიციპალიტეტებში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის პრესსამსახურში განუცხადეს, ქალაქის ცენტრში უკვე მოეწყო საახალწლო სოფელი და სცენა კონცერტისთვის. კონცერტი 31 დეკემბრის ღამეს გაიმართება.
კონცერტში მონაწილეობას მიიღებენ როგორც ადგილობრივი, ასევე მოწვეული შემოქმედებითი ჯგუფები. ცენტრალურ მოედანზე შეკრებილ მოსახლეობას ახალ წელს მიულოცავენ სამთავისისა და გორის მიტროპოლიტი ანდრია და შიდა ქართლის გუბერნატორი ზურაბ არსოშვილი.
საახალწლო კონცერტს რეგიონის მოსახლეობასთან ერთად სურამისა და ტაშისკარის მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა სახლების აღსაზრდელებიც დაესწრებიან.
კონცერტზე მოხდება პროექტ ,,საახალწლო ეზოს" გამარჯვებულის ნინა კიკნაძის დაჯილდოვებაც. პროექტი შიდა ქართლის გუბერნატორის ინიციატივით და ადგილობრივი თვითმრთველობის ორგანიზებით გორში განხორციელდა. პროექტის ფარგლებში გაიმართა კონკურსი, რომელშიც 10 ოჯახი მონაწილეობდა და მათგან გამარჯვება ქალაქში ყველაზე ლამაზად მორთული ,,საახალწლო ეზოს" მფლობელს - ნინა კიკნაძეს ხვდა წილად, რომელსაც პრიზი, 1 000 ლარი გადაეცემა.
3-დან 10 იანვრის ჩათვლით კი გორის ,,კულტურისა და ტურიზმის" ცენტრში გაიმართება საახალწლო ნაძვის ხის ზეიმი. ღონისძიებას 4000-მდე ბავშვი დაესწრება, რომელთა შორის იქნებიან დევნილი, სოციალურად დაუცველი და ინვალიდი პატარები. ყველა ბავშვს საახალწლო საჩუქარი გადაეცემა.