პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა დონალდ ტუსკმა და დანიის პრემიერ-მინისტრმა მეტე ფრედერიკსენმა განიხილეს „რკინის გუმბათის“ იდეა, ომის შემთხვევაში საჰაერო თავდასხმებისგან ევროპის ქალაქების დასაცავად.
ამის შესახებ ტუსკმა პოლონეთში დანიელ კოლეგასთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
დონალდ ტუსკმა კომენტარი გააკეთა უკრაინის დახმარების საკითხზე და შემდეგ აღნიშნა, რომ ევროპაც სახიფათო ზონაში იმყოფება.
„მოხარული ვარ, რომ პრემიერ-მინისტრი დადებითად გამოეხმაურა პოლონეთის წინადადებას, შეუერთდეს პროექტს ეფექტური „რკინის გუმბათის“ შესაქმნელად, რათა დაიცვას ევროპის ცა პოტენციური სარაკეტო თავდასხმებისგან“, - აღნიშნა პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა.
„რკინის გუმბათი“ არის ისრაელის საჰაერო თავდაცვის სისტემის სახელწოდება.
შეგახსენებთ, რომ 2022 წლის შემოდგომაზე, საერთო ევროპული საჰაერო თავდაცვის სისტემის იდეა წამოჭრა გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა და აღნიშნა, რომ ამ იდეის განხორციელებას შესაძლოა, დაახლოებით 5 წელი დასჭირდეს.