უკრაინა და ნორვეგია უსაფრთხოების შესახებ შეთანხმებას გააფორმებენ. ამის შესახებ ნორვეგიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ესპენ ბარტ ეიდემ კიევში უკრაინის პრეზიდენტთან ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
ეიდეს თქმით, ნორვეგია უკრაინას „გრძელვადიან სამხედრო, პოლიტიკურ, ფინანსურ და ჰუმანიტარულ მხარდაჭერას“ გაუწევს.
„შეთანხმება აჩვენებს ჩვენს მკაფიო პოლიტიკურ ვალდებულებას, გავაგრძელოთ უკრაინის მხარდაჭერა, როგორც ეს გავაკეთეთ რუსეთის მიერ ორზე მეტი წლის წინ სასტიკი, სრულმასშტაბიანი თავდასხმის შემდეგ“, - განაცხადა მან.
ეიდემ განმარტა, რომ შეთანხმებას ხელს მოაწერენ და გაასაჯაროებენ ზელენსკისა და ნორვეგიის პრემიერ-მინისტრთან იონას გაჰრ სტიორეს მორიგი შეხვედრის დროს. თუმცა ამ შეხვედრის თარიღი ჯერ უცნობია.