ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებით, ირანული დრონების და რაკეტების უმეტესობა ქვეყნის საჰაერო სივრცის გარეთ ჩამოაგდეს.
IDF-ის განცხადებით, ისრაელის საჰაერო სივრცეში დრონებისა და რაკეტების მცირე რაოდენობამ შეაღწია.
როგორც IDF-ის წარმომადგენელმა დანიელ ჰაგარიმ განაცხადა, თავდასხმაში ჩართული იყო 200-ზე მეტი დრონი და საკრუიზო და ფრთოსანი რაკეტა. ისრაელმა და მისმა მოკავშირეებმა მოახერხეს ირანის მიერ გასროლილი საკრუიზო რაკეტებისა და თვითმფრინავების 99 პროცენტის განეიტრალება.
ამასთან, IDF-ის განცხადებით, ისრაელის საჰაერო სივრცეში შეაღწია რამდენიმე ბალისტიკურმა რაკეტამ, რის შედეგადაც უმნიშვნელო დაზიანება განიცადა ისრაელის ნევათიმის საჰაერო-სამხედრო ბაზამ.
ირანის თავდასხმის შედეგად დაშავდა 10 წლამდე გოგონა ბედუინთა ქალაქში, სამხეთ ისრაელში. ის საავადმყოფოშია მოთავსებული.
გამოცემა The Times of Israel-ის ინფორმაციით, ისრაელს ირანის თავდასხმის მოგერიებაში აშშ და იორდანია დაეხმარნენ. იორდანიის საჰაერო ძალებმა ათობით ირანული დრონი გაანადგურეს, რომლებიც მიემართებოდნენ იერუსალიმისკენ.
აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტს ოფიციალური კომენტარი არ გაუკეთებია ვაშინგტონის მონაწილეობაზე ირანის თავდასხმის განეიტრალებაში, თუმცა პენტაგონის ერთ-ერთმა ოფიციალურმა წარმომადგენელმა The New York Times-ს განუცხადა, რომ აშშ-ს სამხედროებმა ჩამოაგდეს ირანული დრონები ვაშინგტონის ვალდებულების ფარგლებში, დაიცვას ისრაელის უსაფრთხოება.
რეგიონში დაძაბულობა გამწვავდა მას შემდეგ, რაც 1 აპრილს დამასკოში ირანის საკონსულოზე ავიაიერიში განხორციელდა. თავდასხმის შედეგად დაიღუპა ისლამური რევოლუციის გვარდიის შვიდი წევრი, მათ შორის ორი გენერალი. თეირანმა ისრაელს დააკისრა პასუხისმგებლობას თავდასხმაზე, ხოლო ირანის სულიერი ლიდერი აიათოლა ალი ხამენეი ისრაელს „დასჯით“ დაემუქრა.