აშშ-ს მონაცემები აჩვენებს, რომ ჩინეთმა მკვეთრად გაზარდა რუსეთში ჩარხების, მიკროელექტრონული და სხვა ტექნოლოგიების გაყიდვები, რომლებსაც მოსკოვი იყენებს რაკეტების, ტანკების, თვითმფრინავების და სხვა იარაღის წარმოებისთვის უკრაინის წინააღმდეგ ომისთვის.
ამის შესახებ Reuters-ს ორმა ამერიკლემა წყარომ განუცხადა. მათი თქმით, ჩინეთი ეხმარება რუსეთს უპილოტო საფრენი აპარატებისა და რაკეტების წარმოების გაზრდაში.
მათივე თქმით, აშშ-ს პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ეს საკითხი ჩინეთის პრეზიდენტთან, სი ძინპინთან ბოლო სატელეფონო საუბრისას წამოჭრა და აღნიშნა, რომ ეს არის ევროპასა და მთელ მსოფლიოში აშშ-ის მოკავშირეებთან განხილვის თემა.
ერთ-ერთმა ოფიციალურმა პირმა განაცხადა, რომ ჩინური მასალები ავსებს კრიტიკულ ხარვეზებს რუსეთის თავდაცვის წარმოებაში და ეხმარება მოსკოვს, განახორციელოს თავისი „საბჭოთა პერიოდიდან დაწყებული ყველაზე ამბიციური თავდაცვის გაფართოება და უფრო სწრაფ ვადებში, ვიდრე ამ კონფლიქტის დასაწყისში გვეგონა.”
„უკრაინის მხარდასაჭერად ყველაზე ძლიერი ნაბიჯი, რომელიც ჩვენ შეგვიძლია, ამ დროისთვის გადავდგათ, არის ის, რომ დავარწმუნოთ ჩინეთი, შეწყვიტოს რუსეთის დახმარება სამხედრო ინდუსტრიული ბაზის აღდგენაში. რუსეთი იბრძვის თავისი საომარი ძალისხმევის შესანარჩუნებლად ჩინეთის მონაწილეობის გარეშე“, – აღნიშნა ანონიმურმა ოფიციალურმა წარმომადგენელმა.
დაზვერვის მონაცემებზე დაყრდნობით, აშშ-ს ოფიციალურმა წარმომადგენლებმა ასევე განაცხადეს, რომ ჩინეთი რუსეთს სატელიტურ სურათებს უკრაინის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციებისთვის აწვდის.