ცნობილი იტალიელი ტენორი ანდრია ბოჩელი საქართველოს 2011 წლის დადგომას დღეს, ბათუმიდან მიულოცავს.
ბოჩელთან ერთად საახალწლო ღამეს ბათუმში სხვა მსოფლიო დონის შემსრულებლებიც იმღერებენ.
"ცნობილმა მომღერალმა ანდრია ბოჩელმა ჩვენთვის გამონაკლისი დაუშვა - პირველად მისი შემოქმედების ისტორიაში, ახალ წელს სახლში არ შეხვდება და ჩვენთვის იმღერებს", - განაცხადა ნიკა რურუამ.
ამასთან, რურუას თქმით, ქართული მხარე ცნობილი მომღერლის მგზავრობის ხარჯებს დააფინანსებს.
ბათუმში, უფასო კონცერტზე დასწრების მსურველებს ენგურის ხიდიდან და საქართველოს ყველა დიდი ქალაქიდან ბათუმამდე ტრანსპორტი უფასოდ მოემსახურება.
ანდრია ბოჩელის გარდა, ბათუმში ქართველი მომღერლებიც იმღერებენ, იცეკვებენ ნინო ანანიაშვილი და "სუხიშვილები". ბრაზილიელი მოცეკვავეები ცეცხლოვან სამბასაც შეასრულებენ.
ბათუმში, ევროპის მოედანზე მოწყობილია საციგურაო მოედანი. ყინულის მოედანზე ბოჩელის სიმღერის თანხლებით ელენე გედევანიშვილი და ოთარ ჯაფარიძე იცეკვებენ.
ანდრია ბოჩელი კლასიკური მუსიკის ერთ-ერთ ყველაზე დიდ პოპულარიზატორად მიიჩნევა. იგი 1958 წელს იტალიაში ტოსკანასთან ახლოს ლაიატიკოში დაიბადა. ანდრია ბოჩელს ბავშვობიდან ჰქონდა პრობლემები მხედველობასთან დაავშირებით და 12 წლის ასაკში დაბრმავდა. ბავშვობისას მან რამდენიმე მუსიკალურ კონკურსში გაიმარჯვა. სკოლის დასრულების შემდეგ, სწავლა გააგრძელა პიზას უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე და იურისტის დიპლომიც მიიღო.
თუმცა, ამ ხნის განმავლობაში მას ერთი დღითაც არ შეუწყვეტია ოცნება, რომ დიდი ტენორი გამხდარიყო. ტურინში ფრანკო კორელიმ ახალგაზრდა პერსპქტიული მომღერალი საკუთარ მოსწავლედ აიყვანა, რის შემდეგაც მისი იურიდიული კარიერა დასრულდა. მან ვოკალის შესწავლა დაიწყო.
დღისით ბოჩელი მუსიკალურ ოსტატობას ეუფლებოდა. ღამით კი საარსებო ფულს რესტორნებში სიმღერით შოულობდა. მომღერალმა სახელი გაითქვა, როგორც საოპერო, ასევე პოპმუსიკაში.
1995 წელი ანდრია ბოჩელისათვის მეტად წარმატებული აღმოჩნდა. სწორედ ამ წელს მოისმინა მისმა თაყვანისმცემელმა "Vivo per lei" და ამავე წელს პუჩინის ბოჰემაში მთავარი პარტია შეასრულა.
ასევე, ცნობილი ხდება, რომ საახალწლოდ ბათუმში ცნობილი მომღერალი ნატალია ნოვიკოვაც ჩამოდის.
ნატალია ნოვიკოვამ 1994 წლის მაისში მუსიკალური კარიერა შემთხვევით დაიწყო. მისი პირველი ალბომი "ერთხელ და სამუდამოდ" 1996 წელს გამოიცა, ხოლო მისი სიმღერა "მე ვეხები შენს ტუჩებს" სუპერ შლაგერად იქცა.
მასალის გამოყენების პირობები