ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელმა ჯოზეფ ბორელმა განაცხადა, რომ 22 აპრილს ევროკავშირის საგარეო საქმეთა და თავდაცვის მინისტრების ერთობლივი შეხვედრისგან უკრაინისთვის „გაბედულ გადაწყვეტილებებს“ ელის, განსაკუთრებით უკრაინის სამხედრო მხარდაჭერის გაზრდასთან დაკავშირებით.
ამის შესახებ ბორელი სოციალურ ქსელ Х-ში წერს.
"მხოლოდ სიტყვები ვერ შეაჩერებს პუტინს. ჩვენ უნდა მივაწოდოთ მეტი სამხედრო დახმარება უკრაინას. დღეს მივწერე ევროკავშირის საგარეო საქმეთა და თავდაცვის მინისტრებს 22 აპრილის საბჭოს სხდომის წინ. ჩვენ უნდა დავაჩქაროთ და გავაფართოვოთ უკრაინის სამხედრო დახმარება," - ამბობს ბორელი
მან აღნიშნა, რომ ევროკავშირმა უკრაინას უნდა მიაწოდოს საჰაერო თავდაცვის სისტემები რუსული რაკეტების გასანადგურებლად, ქალაქებისა და კრიტიკული ინფრასტრუქტურის დასაცავად. მისი თქმით, დახმარებას სიცოცხლესა და სიკვდილს შორის, მნიშვნელობა ექნება.
"ჩვენ ბევრს ვაკეთებთ. 31 მილიარდი ევროს სამხედრო დახმარება უკრაინას და ჩვენ მხარს ვუჭერთ ჩვენს თავდაცვის ინდუსტრიას ევროპაში რაკეტების და საბრძოლო მასალის წარმოების გაზრდის მიმართულებით. ჩვენ მეტს გავაკეთებთ", - განაცხადა ბორელმა.