ევროპარლამენტის სულ მცირე 16 დეპუტატი თანამშრომლობდა რუსულ პროპაგანდასთან და ახმოვანებდა კრემლისთვის ხელსაყრელ ნარატივებს. ამის შესახებ Politico, YouTube -არხზე „ევროპის ხმის“ 50 ვიდეოს შესწავლის შემდეგ წერს.
„ევროპის ხმა“ არის ინგლისურენოვანი საინფორმაციო სააგენტო, რომელსაც მარტში ჩეხეთისა და ბელგიის ხელისუფლებამ რუსული პროპაგანდისა და დეზინფორმაციის სამალავი უწოდა. ჩეხეთის ხელისუფლებამ სანქციები დაუწესა „ევროპის ხმის“ ორ ლიდერს, რომელთაგან ერთი რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინის დიდი ხნის მეგობარი, ყოფილი უკრაინელი ოლიგარქი ვიქტორ მედვედჩუკია.
"თუ ეს ცივილიზაციების ომია, იმედი მაქვს, რომ უკრაინის ცივილიზაცია დამარცხდება. მშვიდობის მისაღწევად საუკეთესო გზა უკრაინელების დანებებაა", - განაცხადა ჰოლანდიელმა ულტრამემარჯვენე დეპუტატმა მარსელ დე გრააფმა დებატებზე, რომელსაც „ევროპის ხმა“ მასპინძლობდა.
კიდევ ერთი ულტრამემარჯვენე პოლიტიკოსმა, გერმანელმა მაქსიმილიან კრამ, დებატების დროს თქვა, რომ „უკრაინა უნდა გახდეს დემილიტარიზებული ბუფერული ზონა“.
საფრანგეთის ნაციონალური გაერთიანების წევრმა ტიერი მარიანმა ევროკავშირი დაადანაშაულა რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის პროვოცირებაში 2014 წელს უკრაინასთან სავაჭრო შეთანხმების ხელმოწერით. „ზოგიერთ ქვეყანას უბრალოდ სურს რუსეთის განადგურება, რაც, პირველ რიგში, შეუძლებელია და არ შედის ჩვენი ქვეყნების ინტერესებში“, - განაცხადა მარიანმა.
როგორც Politico აღნიშნავს, ყველა ევროპარლამენტარი, რომელიც გამოვიდა „ევროპის ხმის“ მიერ გამართულ დებატებში მონაწილეობდა, ულტრამემარჯვენე პარტიებს წარმოადგენენ. კომენტარებში ეს პოლიტიკოსები უარყოფდნენ უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივას, დადანაშაულებდნენ უკრაინას ომის დაწყებაში, საუბრობდნენ უკრაინაში კორუფციის დონეზე, მოითხოვდნენ დაუყოვნებლივი სამშვიდობო მოლაპარაკებების დაწყებას და ეწინააღმდეგებოდნენ უკრაინისთვის იარაღის მიწოდებას.
ამჟამად YouTube-მა მანიპულაციური შინაარსის გამო თითქმის ყველა ვიდეო წაშალა „ევროპის ხმის“ არხიდან. თუმცა, ანგარიში X-ზე ჯერ კიდევ მუშაობს. ასევე მოქმედებს ინგლისურენოვანი ვებგვერდი Voice of Europe , სადაც თითქმის ყველა მასალა რუსეთ-უკრაინის ომს ეხება.