ისრაელის იერიშების შედეგად ღაზის სექტორში მოკლულია რადიკალური დაჯგუფება ჰამასის ლიდერის, ისმაილ ჰანიას სამი ვაჟი და რამდენიმე შვილიშვილი. ინფორმაციას არაბული მედია ავრცელებს. ეს ინფორმაცია დაადასტურეს ისრაელის თავდაცვის და უშიშროების ძალებმა.
ემირ ხანია ჰამასის სამხედრო ფრთის ესკადრონის მეთაური იყო. მისი ორი ძმა - მუჰამად და ჰაზემ ჰანიები - ასევე იყვნენ დაჯგუფების მეთაურები.
ისმაილ ჰანიამ დაადასტურა თავისი ვაჟებისა და შვილიშვილების დაღუპვა და მათ „წამებულები” უწოდა.
ჰანიას თქმით, მისი ახლობლები დაიღუპნენ დაბომბვის დროს, როცა ლტოლვილთა ბანაკში ნათესავებს სტუმრობდნენ, რამადანის დასასრულების აღსანიშნავად. მან დასძინა, რომ ჰამასის წინააღმდეგ ისრაელის სამხედრო ოპერაციის დაწყებიდან, მისი ოჯახის 60 წევრი დაიღუპა. ჰამასის ცნობით, ჰანიას სამი ვაჟი და სამი შვილიშვილი დაიღუპა ღაზის სექტორის ჩრდილოეთით მდებარე ალ-შათის ლტოლვილთა ბანაკში თავდასხმის შედეგად.
მან „ალ-ჯაზირას“ განუცხადა, რომ ნათესავების სიკვდილი ჰამასის ხელმძღვანელობას უარს ვერ ათქმევინებს თავის გეგმებზე, მათ შორის შეცვალოს პოზიცია ისრაელთან საზავო შეთანხმების შესახებ.
62 წლის ჰანიას 13 შვილი ჰყავს. თავად ჰამასის ხელმძღვანელი არ ცხოვრობს ღაზის სექტორში, მისი მთავარი საცხოვრებელი ადგილი ყატარშია.