გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი 14 აპრილს ჩინეთში სამდღიან ვიზიტს იწყებს, რომლის ფარგლებშიც შეხვდება ჩინეთის ლიდერ სი ძინპინს. შეხვედრის ერთ-ერთი მთავარი თემა იქნება რუსეთის ომი უკრაინაში. ამის შესახებ გერმანიის ფედერალური მთავრობის წარმომადგენელმა შტეფენ გებეშტრაიტმა განაცხადა.
როგორც ცნობილია, შოლცთან ერთად ვიზიტის დროს ფედერალური მთავრობის რამდენიმე მინისტრი და გერმანიის მრეწველობის წარმომადგენლები იქნებიან.
მოსალოდნელია, რომ შოლცი ეწვევა ქალაქ ჩუნცინს და სიტყვით გამოვა შანხაის უნივერსიტეტში.
ვიზიტის დასასრულს, 16 აპრილს, გერმანიის კანცლერის შეხვედრა ჩინეთის პრემიერ-მინისტრთან ლი ციანთან და სი ძინპინთან გაიმართება. გარდა სავაჭრო საკითხებისა, მოლაპარაკებების დღის წესრიგში იქნება უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი ომიც.
”ვფიქრობ, ჩინეთს აქვს გავლენა რუსეთზე და ჩვენ გვსურს, რომ ჩინეთმა შეძლოს გამოიყენოს ის გავლენა, რაც მას აქვს”, - თქვა გებეშტრაიტმა ბრიფინგზე.