რომის პაპმა მკაცრად დაგმო აბორტი, სუროგაცია და სქესის შეცვლა.
ორსულობის შეწყვეტა სხვა არაფერია, თუ არა „ყველაზე დაუცველთა და უცოდველთათვის“ ადამიანური ღირსების ჩამორთმევა. ამის შესახებ ნათქვამია პონტიფიკოსის „დიგნიტას ინფინიტას“ (ლათინურიდან „უსაზღვრო ღირსების“) სახელწოდებით მომზადებულ 25-გვერდიან დოკუმენტში
დოკუმენტში ხაზგასმულია, რომ ადამიანი - თუნდაც დაუბადებელი - არის წმინდა და ხელშეუხებელი და ეს ეხება მისი განვითარების ნებისმიერ სტადიას. რომის კათოლიკური ეკლესიის მეთაურმა მსგავსი წინააღმდეგობა გამოხატა სუროგაციის მიმართ.
მისი აზრით, როცა ქალი შვილს სარგებლის მიზნით ატარებს, ის „მხოლოდ საგანი“ ხდება და ქალის ღირსება ითელება. მისი თქმით, შვილის ყოლის ლეგიტიმური სურვილი არ შეიძლება გადაიზარდოს შვილის ყოლის უფლებად.
გარდა ამისა, ის ეწინააღმდეგება სქესის შეცვლას და „გენდერულ თეორიას“, რომელიც შლის სექსუალურ განსხვავებებს მამაკაცებსა და ქალებს შორის და უწოდებს მათ ღვთისგან ბოძებული ადამიანის ღირსების შელახვას.
„სურვილი, განაგებდე თავს, სხვა არაფერია, თუ არა მარადიული ცდუნების მიმართ დანებება თავის გასაღმერთებლად, - ნათქვამია განცხადებაში. რომის პაპის თქმით, ადამიანმა უნდა მიიღოს და პატივი სცეს თავის სხეულს ისე, როგორც ის შეიქმნა, სქესის შეცვლა კი საფრთხეს უქმნის იმ უნიკალურ ადამიანურ ღირსებას, რომლითაც ყველა დაჯილდოებულია ჩასახვის მომენტიდან.
პონტიფიკოსმა ასევე დაგმო სექსუალური ორიენტაციის გამო ადამიანთა დევნა, რაც ადამიანის ღირსების შელახვად შეაფასა, ისევე როგორც სექსუალური ორიენტაციის გამო ადამიანების წამება და მოკვლა. ისაუბრა ქალთა მიმართ ძალადობაზე, დაგმო ომები და ტრეფიკინგი.