ევროპის ჩემპიონატზე სუსტი გუნდი არ არსებობს. ჩვენც დებიუტანტები ვართ, მაგრამ ვფიქრობ ჩვენც ძლიერი გუნდი ვართ. თუ დავიმსახურეთ ევროპაზე ყოფნა, ეს ნიშნავს, რომ ჩვენც ძლიერი გუნდი ვართ, - ამის შესახებ ბუდუ ზივზივაძემ „იმედის კვირასთან“ ექსკლუზიური ინტერვიუში განაცხადა.
ბუდუ ზივზივაძემ მეტოქეებზეც ისაუბრა.
„რაც შეეხება მეტოქეებს, დავიწყოთ პორტუგალიით. ვიცით რამდენად დახუნძლულია პორტუგალია ვარსკვლავებით. კი, ცოტა ასაკშია, მაგრამ მათ ჰყავთ რონალდუ და ისევ ისე თამაშობს, თითქოს 20 წლის იყოს. რონალდუს ისევ ბევრი გოლი გააქვს. უახლოესი წარსულიდან ევროპის ჩემპიონები არიან და რონალდუს გარდაც ბევრი ვარსკვლავი ჰყავთ. ჩემი აზრით, თურქეთთან და ჩეხეთთან ისევ დისციპლინით და ერთად დგომით თუ ვითამაშებთ, მაშინ ნამდვილად გვაქვს შანსი ჯგუფიდან გასვლაზე ვიბრძოლოთ. კარგი გუნდები არიან, მაგრამ შეგვიძლია მათთან ბრძოლა. თან ჯგუფიდან 3 გუნდი გადის. 2 თავისთავად და 4 საუკეთესო მესამეადგილოსანი.
ერთი მოგებაც ჯგუფში წინ წაგვწევს, მაგრამ რა თქმა უნდა ერთ მოგებაზე არ გავჩერდებით. გვაქვს ამბიცია და ისეთი დონის ფეხბურთელებიც [გვყავს], რომ ჯგუფიდან გასვლაზე გავიწიოთ. ჩვენ შევძელით ფეხბურთის ისტორია დაგვეწერა და ასე გაგვეხარებინა ყველა. გავაერთიანეთ საქართველო და ეს ძალიან მნიშვნელოვანი იყო. წარმოუდგენელი სიხარული იყო, საოცრება ხდებოდა და გვინდა სულ ასეთი გახარებული და ბედნიერი იყოს ქართველი გულშემატკივარი. როდესაც ისტორიულ ევროპის ჩემპიონატს ვითამაშებთ გვინდა ასეთი სიხარული იყოს.
თუნდაც ჯგუფიდან ვერ გავიდეთ, მაინც გვინდა ფეხბურთელებს გერმანიიდან თავაწეული წამოსვლა. ჩვენ ვიბრძოლებთ ბოლომდე და ვიცი ყველაფერს გავაკეთებთ. შეიძლება არ გამოგივიდეს, რადგან არის ასეთი დღეები. ფეხბურთი ისეთი სპორტია, რომ შეიძლება ძალიან მცირე შეცდომა დაუშვა და ამისთვის დაისაჯო. შეიძლება ყველაფერი გააკეთო, მაგრამ მაინც წააგო თამაში. როდესაც თამაში დასრულდება და მარტო დარჩები, მაშინ არ უნდა გქონდეს ის განცდა, რომ თამაშს რამე დააკელი“, - განაცხადა ზივზივაძემ.