დამასკოში ირანის საკონსულოზე ისრაელის დარტყმის შემდეგ, ისრაელის საელჩოები მთელ მსოფლიოში უსაფრთხოდ აღარ იქნებიან, - ეს განცხადება ირანის სულიერი ლიდერის, აიათოლა ალი ხამენეის მთავარმა სამხედრო მრჩეველმა, გენერალმა იაჰია საფავიმ გააკეთა.
„სამხედრო თავდასხმა საკონსულოზე და [ირანის] მრჩევლების დაღუპვა, რომლებიც სირიის მიწვევით იქ კანონიერად იმყოფებოდნენ, არის საერთაშორისო სამართლის დარღვევა. ამის შემდეგ არც ერთი (ისრაელის) საელჩო აღარ არის უსაფრთხო“, - სააგენტო Tasnim-ის ცნობით, განაცხადა საფავიმ
საფავიმ, გაიმეორა ირანის ლიდერის სიტყვები, რომ ისრაელი ინანებს საკონსულოზე თავდასხმას. "წინააღმდეგობის ძალების ფრონტი მზადაა. ახლა ჩვენ უნდა დაველოდოთ და ვნახოთ, რა მოხდება", - თქვა საფავიმ.
4 აპრილს ცნობილი გახდა, რომ ისრაელმა მსოფლიოს რამდენიმე ქვეყანაში, თავისი საელჩოებიდან თანამშრომლების გაყვანა გადაწყვიტა. მანამდე, ისრაელის თავდაცვის ძალების ოფიციალურმა წარმომადგენელმა დანიელ ჰაგარმა განაცხადა, რომ ისრაელელი სამხედროები ყველა ფრონტზე გაძლიერებულ მზადყოფნაში არიან და მზად არიან მოვლენების ნებისმიერი განვითარებისათვის.
სირიაში ირანის საკონსულოზე ისრაელის მიერ განხორციელებული თავდასხმის შედეგად 13 ადამიანი დაიღუპა. მათ შორის ირანის რევოლუციის გუშაგთა კორპუსის ბრიგადის გენერალი მოჰამედ რეზა ზაჰედი, ასევე მისი მოადგილე, გენერალი მოჰამედ ჰადი ჰაჯი რაჰიმი. თავდასხმის შემდეგ გაჩნდა ესკალაციის სერიოზული რისკი ისრაელსა და მის რეგიონულ მოწინააღმდეგეებს შორის.