უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მრჩეველმა მიხაილო პოდოლიაკმა განაცხადა, რომ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა უნდა გადაწყვიტოს, დარჩება გლობალურ ლიდერად, თუ ყველაფრისგან იზოლირდება და მხოლოდ შიდა პოლიტიკით იქნება დაკავებული. პოდოლიაკის თქმით, თუ ამერიკა აირჩევს პირველ ვარიანტს, მან აღარ უნდა შეაფერხოს უკრაინის დახმარების კანონპროექტის მიღება.
მისი თქმით, თუ რუსეთი გაიმარჯვებს ამ ომში, მსოფლიო შეიცვლება.
"თუ გინდა იყო გლობალური ლიდერი, უნდა ჩადო მასში ინვესტიცია. თუ არ ხარ ამისთვის მზად, უნდა გამოხვიდე და თქვა - ჩვენ ნაკლები შეგვიძლია, ვიდრე საკუთარ თავზე გამუდმებით ვსაუბრობდით. რადგან დღეს ეს ასე გამოიყურება. ცოტა უცნაურია. 61 მილიარდი დოლარი ძალიან მცირეა უკვე სამხედრო ბიუჯეტთან მიმართებით. ჩვენ ველოდებით, რომ შეერთებული შტატები საბოლოოდ მიხვდება, რომ რეპუტაცია ძალიან მნიშვნელოვანია. თუ გსურთ გამოიყურებოდეთ ისე, როგორც მუდმივად საუბრობთ საკუთარ თავზე, მაშინ მიზანშეწონილია ამაში შესაბამისი თანხის ინვესტირება“, - განმარტა პოდოლიაკმა.
მან აღნიშნა, რომ ახლა უკრაინას ძირითადი დახმარება არა შეერთებული შტატებიდან, არამედ ევროპის ქვეყნებიდან მიეწოდება, ამიტომ უკრაინა გეგმავს ამ თანამშრომლობის გაფართოებას. გარდა ამისა, პოდოლიაკმა განაცხადა, რომ უკრაინასაც აქვს საკუთარი რესურსი ომის საწარმოებლად.
„ომის ამ ეტაპზე გასაგებია, რა რესურსია საჭირო - ჭურვები, შორი მოქმედების რაკეტები, შორი დისტანციური თვითმფრინავები, ავიაცია. რამდენი ჭურვი გვჭირდება, ერთი თვის განმავლობაში - სულ მცირე 155 მმ კალიბრის 150-200 ათასი ჭურვი“, - თქვა პოდოლიაკმა.
ამასთან, პოდოლიაკმა აღნიშნა, რომ ახლა უკრაინა ორ მიმართულებაზე მუშაობს. პირველი არის დრონებისა და შორ მანძილზე მოქმედი რაკეტების საკუთარ წარმოებაში ინვესტიცია, ხოლო მეორე ევროპელი მოკავშირეებისგან რესურსების მიღება და მათთან ერთობლივი წარმოება.