ოსლო 2036 წლამდე სამხედრო ხარჯებს 56 მილიარდი დოლარით გაზრდის. ნორვეგიის მთავრობამ განაცხადა, რომ თანხები მოხმარდება რუსეთისა და სხვა საფრთხეებისგან დაცვის გაძლიერებას.
”ეს გეგმა წარმოადგენს თავდაცვის ხარჯების ისტორიულ ზრდას და გულისხმობს შეიარაღებული ძალების ყველა შტოს მნიშვნელოვან გაძლიერებას”, - თქვა ნორვეგიის პრემიერ-მინისტრმა იონას გარ სტიორემ.
ფინანსთა მინისტრის, ტრიუგვე სლაგსვოლდ ვედუმმის განცხადებით, 2036 წელს დაგეგმილი წლიური თავდაცვის ხარჯები, ინფლაციის გათვალისწინებით,მიმდინარე დონესთან შედარებით, 83%-ით გაიზრდება.
რუსეთის შეჭრამ უკრაინაში შეცვალა ნორვეგიის გეგმები სამხედრო ხარჯებთან დაკავშირებით. ნორვეგია რუსეთს არქტიკაში ესაზღვრება და ოფიციალური პირები ფიქრობენ, როგორ დაიცვან ქვეყანა პოტენციური რუსული აგრესიისგან. „ჩვენ ველოდებით, რომ ნორვეგია იცხოვრებს უფრო საშიშ და არაპროგნოზირებად რუსეთთან მრავალი წლის განმავლობაში“, - ნათქვამია მთავრობის განცხადებაში.