გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, უკანონო ტყითსარგებლობასთან ბრძოლის ფარგლებში, 2024 წლის 01 მარტიდან 31 მარტის ჩათვლით, უკანონო ტყითსარგებლობის 278 ფაქტი გამოავლინეს; 196 ფაქტი ხე-ტყის უკანონო მოპოვება-ტრანსპორტირებას ეხება, 82 კი, საამქროების მიერ ტექნიკური რეგლამენტის დარღვევისა და უკანონო სახერხი საამქროების ფაქტებია. სამართალდარღვევებიდან 43 ფაქტი სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს.
უკანონო ტყითსარგებლობის ყველაზე მეტი - 58 ფაქტი გამოვლენილია სამეგრელო-ზემო სვანეთში; იმერეთში დაფიქსირდა 52 სამართალდარღვევა, კახეთში - 49, სამცხე-ჯავახეთში - 36, შიდა ქართლში - 23, რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთში - 19, აჭარაში - 16, გურიაში - 10, მცხეთა-მთიანეთში - 7 და ქვემო ქართლშიც - 7.
სამართალდარღვევები გამოვლენილია დედაქალაქშიც; დეპარტამენტის თანამშრომლებმა, მიმდინარე წლის მარტში, თბილისში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების 1 ფაქტი აღკვეთეს.
ჯამში ამოღებულია უკანონოდ მოპოვებული 221 კუბურ მეტრზე მეტი მოცულობის ხე-ტყე.
ამავე პერიოდში, ქვეყნის მასშტაბით, დალუქულია 27 ერთეული არარეგისტრირებული სახერხი საამქრო.
მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის უწყებებში გადაიგზავნა.
უკანონო ტყითსარგებლობასთან ბრძოლა გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტისთვის პრიორიტეტია. მიმდინარე წლის პირველ 3 თვეში, დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ქვეყნის მასშტაბით, უკანონო ტყითსარგებლობის 716 ფაქტი გამოავლინეს.