ნატო-მ რუსეთი თავისი აგრესიული პოლიტიკის სამიზნედ აქცია, უკრაინას კი მხოლოდ ანტირუსულ იარაღად იყენებს. ამის შესახებ რუსულ პროპაგანდისტულ გამოცემა "ტასს“-ს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ განუცხადა.
ზახაროვამ კომენტარი გააკეთა ნატო-ს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის განცხადებაზე, რომლის თანახმად, ალიანსის ქვეყნებიდან უკრაინაში სამხედრო დახმარების მიწოდება უნდა იყოს არა ნებაყოფლობითი, არამედ სავალდებულო.
„ეს არის ალიანსის ანტირუსული არსის დადასტურება. მეორეც, ეს ადასტურებს, რომ ისინი უკრაინას იარაღად იყენებენ. ეს განცხადებები [სტოლტენბერგის] არის მტკიცებულება იმ თეზისებისა, რომლებზეც დიდი ხანია უკვე ვსაუბრობთ და რასაც ნატო-ს წევრები ხშირად უარყოფენ. ეს არის აგრესიული ბლოკი, რომელიც ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ არის მიმართული. არიან სხვა ქვეყნები, არის სხვა მიმართულებები, მაგრამ პირველ რიგში ეს არის ჩვენი ქვეყანა, რომელიც მათ აირჩიეს სამიზნედ", - განაცხადა ზახაროვამ.
მან ახსენა ნატო-უკრაინის საბჭოს სხდომა, რომელიც გაიმართა ბრიუსელში საგარეო საქმეთა მინისტრების დონეზე. ”ეს, თუ შეიძლება ასე ვთქვა, ფორუმი არის, ფაქტობრივად, ერთადერთი, რისი მიღწევაც კიევმა მოახერხა დასავლელი სპონსორებისგან ანტირუსულ აურზაურში საკუთარი ქვეყნის განადგურების სანაცვლოდ. ალიანსს სურდა სტრატეგიული მოქმედების განხორციელება, მაგრამ ამავე დროს დაანგრიეს უკრაინა“, - თქვა ზახაროვამ.
ამასთან, ზახაროვამ განაცხადა, რომ რუსული მხარე გულდასმით ჩაატარებს გამოძიებას „კროკუს სითი ჰოლში“ მომხდარი ტერაქტის შესახებ.
„ჩვენ გვესმის, რომ დასავლეთის მიერ მხარდაჭერილი კიევის რეჟიმის წინა ქმედებების დამადასტურებელ სტილს და ფაქტებს ცხადია შეუძლია მიგვიყვანოს სათანადო დასკვნებამდე, მაგრამ მაინც უნდა დაველოდოთ გამოძიების შედეგებს და ეს უნდა გაკეთდეს ფრთხილად, რადგან არ მივცეთ საბაბი მათ - ტერაქტის ორგანიზატორებსა და შემსრულებლებს, რომ რაიმე უზუსტობას ჩაეჭიდონ“, - აღნიშნა ზახაროვამ.