გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, ერთჯერადი გამოყენების პლასტიკის (ეგპ) გარემოსდაცვითი და ეკონომიკური კუთხით მისაღები ალტერნატივების საკითხი სახელმწიფო, არასამთავრობო და დონორი ორგანიზაციების მონაწილეებმა სამუშაო შეხვედრაზე განიხილეს.
შეხვედრას ესწრებოდნენ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სოლომონ პავლიაშვილი, ნორვეგიის ელჩის მოადგილე რებეკა ლი და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მუდმივი წარმომადგენელი საქართველოში დაგლას უები.
სოლომონ პავლიაშვილმა ნორვეგიის მთავრობას ნარჩენების მართვის კუთხით გაწეული მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ნარჩენების მართვის ეროვნული გეგმის შესრულების პროცესში დონორი ორგანიზაციების ჩართულობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.
„პლასტიკის ნარჩენების შემცირების კუთხით სამინისტრომ მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა, მიუერთდა მაღალი ამბიციის კოალიციას, რომელიც 2040 წლისთვის პლასტიკის ნარჩენებით დაბინძურების დასრულებას ითვალისწინებს. ნარჩენების მართვაში ყველაზე დიდი გამოწვევა სწორედ პლასტიკის ნარჩენების შემცირებაა, ვინაიდან ის მთელი ნარჩენების 15-16% მოიცავს. იმისთვის, რომ ქვეყანა ევროკავშირის სრულფასოვანი წევრი გახდეს, ჩვენ უნდა გავაგრძელოთ მწვანე ეკონომიკური ზრდა და ევროპის მწვანე შეთანხმების გზით სიარული“, - აღნიშნა სოლომონ პავლიაშვილმა.
შეხვედრის ფარგლებში, კვლევის „პოლიტიკის შეჯამება: ერთჯერადი გამოყენების პლასტიკის ბაზარი, მაგალითები და რეკომენდაციები“ შედეგები წარადგინეს. დოკუმენტი მოიცავს ევროდირექტივების იმპლემენტაციის წარმატებულ მაგალითებს, ასევე არსებულ გამოწვევებს და ზოგად რეკომენდაციებს პოლიტიკის განმსაზღვრელი სტრუქტურებისთვის.
„პლასტიკით დაბინძურება გლობალური პრობლემაა, ეს საკითხი როგორც საქართველოში, ასევე ნორვეგიაში მწვავედ დგას. ჩვენ ვხედავთ, რომ ამ მიმართულებით საქართველოში ძალიან ბევრი ნაბიჯია გადადგმული, საქართველო მაღალი ამბიციის კოალიციას შეუერთდა, შემუშავდა პლასტიკის პრევენციის ეროვნული პროგრამა. მდგრადი და მწვანე საქართველოს მისაღებად საჭიროა დრო, რესურსი და ენერგია, ამიტომ, რაც უფრო მეტ დაინტერესებულ მხარეს ჩავრთავთ ამ პროცესში, მით უფრო გრძელვადიანი და მდგრადი შედეგი გვექნება. ჩვენ გავაგრძელებთ საქართველოს მხარდაჭერას, რათა შეამციროს პლასტიკით დაბინძურება, ეს ხელს შეუწყობს როგორც გარემოს დაცვას, ადამიანების ჯანმრთელობას, ასევე ეკონომიკურ კეთილდღეობას“, - აღნიშნა ნორვეგიის ელჩის მოადგილემ რებეკა ლიმ.
სამუშაო შეხვედრა გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) და კავკასიის რეგიონული გარემოსდაცვითი ცენტრის (REC Caucasus) ორგანიზებით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს და ნორვეგიის საელჩოს მხარდაჭერით გაიმართა.