საფრანგეთი უარყოფს რუსეთის განცხადებას, რომ ორი ქვეყნის თავდაცვის მინისტრების საუბრისას, პარიზმა თითქოს მზადყოფნა გამოთქვა უკრაინის საკითხზე დიალოგის ან შესაძლო სამშვიდობო მოლაპარაკებების განხილვისთვასთან დაკავშირებით. ამის შესახებ Reuters საფრანგეთის მთავრობის წყაროზე დაყრდნობით იუწყება.
"ეს არ შეესაბამება სიმართლეს. ჩვენ არ გამოგვითქვამს მზადყოფნა დიალოგისთვის {რუსეთის ფედერაციასთან} უკრაინაზე, მოლაპარაკებებზე ან რაიმე მსგავს საკითხზე", - თქვა წყარომ.
მანამდე რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ საფრანგეთის თავდაცვის მინისტრ სებასტიან ლეკორნუსა და მის რუს კოლეგას სერგეი შოიგუს შორის სატელეფონო საუბრისას "აღნიშნული იყო მზადყოფნა უკრაინის საკითხზე დიალოგისთვის".
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში ნათქვამია, რომ განხილვის ამოსავალი წერტილი შეიძლება იყოს მოლაპარაკებები რუსულ და უკრაინულ მხარეებს შორის თურქეთში 2022 წელს, რომელიც უშედეგოდ დასრულდა.
რუსული განცხადების თანახმად, შოიგუმ აღნიშნა, რომ პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის წინადადების ნებისმიერი პრაქტიკული განხორციელება უკრაინაში ჯარების პოტენციურად გაგზავნის შესახებ პრობლემებს შეუქმნის საფრანგეთს.
შეგახსენებთ, საფრანგეთის თავდაცვის მინისტრ სებასტიან ლეკორნუსა და რუსეთის თავდაცვის მინისტრ სერგეი შოიგუს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა.
შოიგუსთან საუბარში ლეკორნუმ მტკიცედ დაგმო ტერორისტული თავდასხმა „კროკუს სითი ჰოლზე”.
მან ასევე აღნიშნა, რომ საფრანგეთს არ აქვს რაიმე ინფორმაცია ტერაქტსა და უკრაინას შორის კავშირის შესახებ. ლეკორნუმ მოუწოდა რუსეთის ხელისუფლებას შეწყვიტოს „კროკუსის“ ტრაგედიის გამოყენება.
ფრანგმა მინისტრმა ასევე ცალსახად დაგმო აგრესიული ომი, რომელიც რუსეთმა წამოიწყო უკრაინაში და შეახსენა, რომ საფრანგეთი გააგრძელებს უკრაინის მხარდაჭერას ვიდრე საჭირო იქნება თავისუფლებისა და სუვერენიტეტისთვის ბრძოლისთვის, ასევე მშვიდობის დამყარების და ევროპის კონტინენტზე უსაფრთხოებისათვის.