გერმანიის, პოლონეთისა და საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრებმა განაცხადეს, რომ ნატო-ს ევროპელმა წევრებმა მეტი პასუხისმგებლობა უნდა აიღონ ევროპის დაცვაზე.
ამის შესახებ ნათქვამია ვეიმარის სამკუთხედის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების - ანალენა ბერბოკის რადოსლავ სიკორსკისა და სტეფან სეჟურნეს ერთობლივ სტატიაში, რომელსაც Politico აქვეყნებს.
სამივე მათგანი აღიარებს, რომ ამერიკას დიდი ხანია კოლექტიური თავდაცვის ყველაზე დიდი ტვირთი აწევს.
„ევროპელმა მოკავშირეებმა უნდა აიღონ ნატო-ს კოლექტიური ტვირთის სამართლიანი წილი და გამოავლინონ მზადყოფნა, გამოიჩინონ მეტი პასუხისმგებლობა ევროპის დაცვაზე.
ძლიერი ტრანსატლანტიკური კავშირი რჩება ჩვენი უსაფრთხოების საფუძვლად და ჩვენ ევროპელებმა უნდა გადავხედოთ ყველაზე მწვავე ხარვეზებს, რომლებიც მტკივნეულად აშკარა გახდა ბოლო თვეებისა და წლების განმავლობაში: შესაძლებლობების პრობლემები, ჩვენი შეიარაღებული ძალების მზადყოფნა, წარმოების შესაძლებლობები, ლოგისტიკა, სტანდარტიზაცია და ოპერატიული თავსებადობა", - ნათქვამია განცხადებაში.
მინისტრები მიიჩნევენ, რომ ევროპული თავდაცვა უფრო ძლიერი და ქმედუნარიანი უნდა გახდეს.
ამისათვის, მათი აზრით, ალიანსის ევროპელმა წევრებმა შემდეგი ნაბიჯები უნდა გადადგან:
მშპ-ის სულ მცირე 2% გამოიყოს თავდაცვისთვის.
გამოიყენებული იყოს კონტინენტის მთელი ინდუსტრიული პოტენციალი სამხედრო შესაძლებლობების მოდერნიზებისთვის, წარმოების გაზრდისა და მასშტაბიდან ეკონომიის მიღწევისთვის.
ინვესტიცია მოახდინონ მომავალ ტექნოლოგიებში ტექნოლოგიური უპირატესობის შესანარჩუნებლად და შესაძლებლობების ხარვეზების შესამცირებლად.
„აგრესიული ომიდან ორი წლის შემდეგ პუტინი თავის სტრატეგიას აგებს არასწორ გათვლებზე, რომ მას შეუძლია ამოწუროს უკრაინა და გადააჭარბოს ჩვენს მხარდაჭერას. ის ასევე ცდილობს შეამოწმოს ჩვენი, როგორც მოკავშირეების, ერთიანობა და სიმტკიცე,
ამიტომ, ჩვენი პასუხი უნდა ეფუძნებოდეს ძალას, ერთიანობას და თანამშრომლობას. ჩვენ უნდა უზრუნველვყოთ, რომ მისმა აგრესიამ თავი არ გაიმართლოს - არც ახლა და არც მომავალში“, - აღნიშნავენ მინისტრები სტატიაში.