აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი პარიზში საფრანგეთის თავდაცვის მინისტრს, სებასტიან ლეკორნუს შეხვდა.
ბლინკენმა და ლეკორნუმ დაათვალიერეს სამხედრო აღჭურვილობა და საბრძოლო მასალა, რომელსაც საფრანგეთი უგზავნის უკრაინას.
ამერიკის სახელმწიფო მდივნის განცხადებით, უკრაინა ახლა გადამწყვეტ მომენტში იმყოფება, რომლის დროსაც აუცილებელია საჭირო დახმარების მიწოდება.
„რუსეთი განიცდის სტრატეგიულ მარცხს უკრაინაში - ის სუსტდება სამხედრო თვალსაზრისით, სუსტდება ეკონომიკურად, სუსტდება დიპლომატიურად, უკრაინა უფრო ერთიანია, ვიდრე ოდესმე. ევროპა გათავისუფლდა რუსეთის ენერგეტიკაზე დამოკიდებულებისგან და ნატო გაძლიერდა და ახლა ორი წევრით გაიზარდა. და, რა თქმა უნდა, უკრაინა, რომელსაც ბევრი უწინასწარმეტყველებდა, რომ რამდენიმე დღეში დაეცემოდა, აგრძელებს ფეხზე დგომას.
მაგრამ ჩვენ ვართ კრიტიკულ მომენტში, როდესაც აბსოლუტურად აუცილებელია უკრაინელებს მივაწოდოთ ის, რაც მათ ჯერ კიდევ სჭირდებათ თავის დასაცავად, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საქმე ეხება საბრძოლო მასალას და საჰაერო თავდაცვას. ასე რომ, ჩვენ გვაქვს მოკლევადიანი გამოწვევა, რომელზეც ერთად ვმუშაობთ. ეს არის კიდევ ერთი მიზეზი, რის გამოც პრეზიდენტმა ბაიდენმა სთხოვა კონგრესს დამატებითი ბიუჯეტი, რომელიც უნდა განხორციელდეს რაც შეიძლება სწრაფად. ეს ახლა აუცილებელია.
ეს საჭიროა სასწრაფოდ. მაგრამ ეს ასევე არის ინვესტიცია ჩვენთვის და ის, რაზეც დღეს ვისაუბრეთ, გარდა უკრაინის უშუალო ამოცანებისა, არის სამუშაო, რომელსაც ჩვენ, ორივე ქვეყანა ვაკეთებთ და სადაც საფრანგეთი, ისევე როგორც ბევრ სხვა სფეროში, არის ნამდვილი ლიდერი. ჩვენი თავდაცვის ინდუსტრიული ბაზის აშენება და გაძლიერება, რადგან, სამწუხაროდ, პრობლემები, რომლებსაც უკრაინაში ვხედავთ, ხვალ არ გაქრება და ჩვენ უნდა დავრწმუნდეთ, რომ გვაქვს საშუალება არა მხოლოდ გავაგრძელოთ უკრაინის დახმარება, არამედ უზრუნველვყოთ შეძლებისდაგვარად ჩვენი თავის დაცვა, რამდენადაც ეს შესაძლებელია..
ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ კონგრესი იმოქმედებს სწრაფად, ეფექტურად, ისევე როგორც ჩვენი ევროპელი პარტნიორები აგრძელებენ ეფექტურად მოქმედებას, როდესაც საქმე ეხება უკრაინას“, - განაცხადა ბლინკენმა.