ტაივანის აღმოსავლეთ სანაპიროზე 7,4 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა. კუნძულზე და მეზობელ ქვეყნებში ცუნამის საფრთხე გამოცხადდა.
აშშ-ის გეოლოგიური სამსახურის ინფორმაციით, მიწისძვრის ეპიცენტრი ტაივანის ქალაქ ჰუალიანიდან სამხრეთით 18 კილომეტრში მდებარეობდა. სეისმოლოგების აზრით, ეს არის ყველაზე ძლიერი მიწისძვრა, რაც ტაივანში ბოლო 25 წლის განმავლობაში მოხდა.
ჰუალიანში უამრავი შენობა დაინგრა და იქ მაშველები მუშაობენ.
ტაივანის ეროვნული სახანძრო სააგენტოს ცნობით, ამ დროისთვის ერთი ადამიანი დაიღუპა ჰუალიენთან ახლოს მდებარე ეროვნულ პარკში.
უწყების ცნობით, ამჟამად ცნობილია 50-ზე მეტი დაშავებულის შესახებ ტაივანის სხვადასხვა რაიონში.
ტაივანის მედია ავრცელებს შენობების ნგრევისა და სკოლებიდან და სახლებიდან ხალხის ევაკუაციის კადრებს.
კუნძულის მასშტაბით ფიქსირდება ელექტროენერგიის და ინტერნეტის გათიშვა.
მიწისძვრიდან მალევე იაპონიასა და ფილიპინებში ცუნამის საფრთხე გამოცხადდა.