უკრაინაში დაღუპული კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი თენგიზ ჭანია საქართველოში ჩამოასვენეს.
თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მისი ოჯახის წევრები, მეგობრები და თანამებრძოლები იმყოფებოდნენ. 48 წლის თენგიზი დონეცკის ოლქის ქალაქ ავდიივკაში საარტილერიო თავდასხმას ემსხვერპლა.
თენგიზ ჭანია გამოცდილი ჯარისკაცი იყო, მონაწილეობდა აფხაზეთის ომსა და 2008 წლის აგვისტოში მიმდინარე საომარ მოქმედებებში. ის უკრაინაში ომის დაწყების პირველივე დღიდან წავიდა. როგორც მეგობრები იხსენებენ, ამ ხნის განმავლობაში ორჯერ დაიჭრა, თუმცა ბრძოლა არ შეუწყვეტია. თენგიზ ჭანია უკრაინის შეიარაღებული ძალების "აზოვის" პოლკის შემადგენლობაში ირიცხებოდა და ძირითადად ომის წინა ხაზზე იყო.
თენგიზ ჭანიას ზუგდიდის რაიონის სოფელ განმუხურში, საზღვართან ახლოს სამხედრო პატივით სამშაბათს, 9 აპრილს დაკრძალავენ.