ბელარუსის თვითგამოცხადებული პრეზიდენტი ალექსანდრ ლუკაშენკა სასაზღვრო ქალაქ გროდნოს ეწვია, სადაც განაცხადა, რომ ბელარუსი კვლავ ომისთვის ემზადება, თუმცა ბრძოლა არ სურს.
"არავის დაუჯეროთ, რომ ჩვენ გვინდა ბრძოლა. ჩვენ ვემზადებით ომისთვის, ამაზე გულწრფელად ვლაპარაკობ. "თუ გინდა მშვიდობა ემზადე ომისთვის," - ეს მე არ მომიფიქრებია, ეს ძალიან სწორად არის ნათქვამი,” - თქვა ლუკაშენკამ.
ამასთან, მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ბელარუსი გადის აუცილებელ მომზადებას შესაძლო კონფლიქტისთვის. ამზადებს შესაბამის ქვედანაყოფებს, ამარაგებს ჯარებს სხვადასხვა ტიპის იარაღითა და აღჭურვილობით.
"თუ იქიდან {არამეგობრული ქვეყნებიდან} ვინმე ყვირის და გვაკრიტიკებს, იცოდეთ: ჩვენ სწორად ვიქცევით. თუ იქ დაგვიწყებენ ქებას, ეს კატასტროფა იქნება", - თქვა ლუკაშენკამ.
ამავე დროს დასძინა, რომ ბელარუსი არავის ემუქრება: "ჩვენ არ გვჭირდება ვინმეს დამუქრება. ჩვენ არ გვინდა სხვისი მიწა. ჩვენ ღმერთის ნებით, ამ მიწას უნდა მივხედოთ", - თქვა მან.