სირიაში, ირანის საკონსულოს ისრაელი დაესხა თავს, მაგრამ ამაზე პასუხისმგებლობა აშშ-ს ეკისრება, რადგან ის მხარს უჭერს ისრაელს. ამის შესახებ ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჰოსეინ ამირაბდოლაჰიანმა განაცხადა.
„მნიშვნელოვანი გზავნილი გადაეცა ამერიკის შეერთებული შტატების ადმინისტრაციას, როგორც სიონისტური რეჟიმის მხარდამჭერს. აშშ-მა პასუხი უნდა აგოს“, – განაცხადა მან.
სირიაში ირანის საკონსულოზე განხორციელებული თავდასხმის შედეგად ირანის რევოლუციის გუშაგთა კორპუსის შვიდი წევრი დაიღუპა.
დაღუპულთა შორის არის რევოლუციის გუშაგთა კორპუსის ბრიგადის გენერალი მოჰამედ რეზა ზაჰედი, ასევე მისი მოადგილე, გენერალი მოჰამედ ჰადი ჰაჯი რაჰიმი.
სირიის მედიის ინფორმაციით, ისრაელის ავიაგამანადგურებელმა ირანის საკონსულოზე დარტყმები გოლანის მაღლობების მხრიდან განახორციელა. სირიის საჰაერო თავდაცვის ძალებმა შეძლეს რამდენიმე რაკეტის ჩამოგდება, თუმცა რამდენიმე რაკეტამ მაინც მიაღწია მიზანს და მთელი შენობა გაანადგურა.