პენტაგონში აცხადებენ, რომ ჩრდილოეთ კორეა რუსეთის სამხედრო დახმარებას განაგრძობს. პენტაგონის სპიკერის მოადგილემ საბრინა სინგჰმა განაცხადა, რომ ჩრდილოეთ კორეა რუსეთისთვის იარაღის მიწოდებას ზრდის, ორ ქვეყანას შორის კი პარტნიორება ყვავის.
საბრინა სინგჰს არ დაუკონკრეტებია რა სახის იარაღს იღებს რუსეთი. მისი თქმით, ფართო აუდიტორიისთვის ინფორმაცია გასაიდუმლოებულია.
„ჩვენ ვხედავთ, რომ რუსეთი მიმართავს ისეთ პარტნიორებს, როგორიცაა ჩრდილოეთ კორეა და ირანი, რათა მიიღოს მხარდაჭერა უკრაინაში ომისთვის. თქვენ იცით, რომ ჩვენ ვიდგებით უკრაინის გვერდით, რამდენ ხანსაც საჭირო იქნება“, - ხაზგასმით აღნიშნა სინგჰმა.
სამხრეთ კორეის თავდაცვის მინისტრმა შინ ვონ სიკმა განაცხადა, რომ ჩრდილოეთ კორეა აჩქარებს რუსეთის ფედერაციისთვის საიდუმლო იარაღის მიწოდების ტემპებს. მისი თქმით, ჩრდილოეთ კორეამ რუსეთში გაგზავნა 6700 კონტეინერი, რომელიც შეიცავდა დაახლოებით 3 მილიონ 152 მმ-იან ჭურვებს.
ასევე, უკრაინული მედიის ცნობით, რუსეთი უკრაინას ჩრდილოეთ კორეული რაკეტებით უტევს, საუბარია Hwasong-11 (KN-23/24)-ის ტიპის ბალისტიკურ რაკეტებზე.