თეთრი სახლის პრესმდივანმა კარინ ჟან-პიერმა განაცხადა, რომ აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ინფორმირებულია დამასკოში ირანის საკონსულოზე ისრაელის საჰაერო დარტყმის შესახებ. მისი „გუნდი ამ საკითხს სწავლობს“, - განაცხადა ჟან-პიერმა.
ისრაელის მიერ დამასკოზე მიტანილი ავიაიერიშის შედეგად განადგურებულია ირანის საკონსულოს შენობა, დაღუპულია რამდენიმე ადამიანი, არიან დაშავებულები.
Reuters-ის ცნობით, დაღუპულთა შორის არის ირანის რევოლუციის გუშაგთა კორპუსის უფროსი მეთაური, გენერალი მოჰამედ რეზა ზაჰედი და რამდენიმე ირანელი დიპლომატი.
ისრაელის მხარეს კომენტარი არ გაუკეთებია.
ირანის ელჩმა სირიაში, ჰოსეინ აკბარიმ, რომელიც არ დაშავებულა, განაცხადა, რომ სულ მცირე ხუთი ადამიანი დაიღუპა, მისი თქმით, თეირანის პასუხი იქნება "მკაცრი".
Reuters-ის ჟურნალისტებმა შემთხვევის ადგილიდან განაცხადეს, რომ იქ სირიის საგარეო საქმეთა და შინაგან საქმეთა მინისტრები იმყოფებოდნენ. სირიის სახელმწიფო მედია იტყობინება, რომ სულ მცირე ექვსი ადამიანი დაიღუპა და რამდენიმე დაშავდა.