სპიკერმა მაიკ ჯონსონმა განაცხადა, რომ სააღდგომო არდადეგებიდან დაბრუნების შემდეგ წარმომადგენელთა პალატა განიხილავს უკრაინის დახმარების პაკეტს. მისივე თქმით, პაკეტში შევა რამდენიმე მნიშვნელოვანი სიახლე.
ჯონსონმა აღნიშნა, რომ რესპუბლიკელებს აქვთ ძალიან უმნიშვნელო უმრავლესობა წარმომადგენელთა პალატაში, რაც ართულებს სიტუაციას. ამასთან, მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ მუშაობს პაკეტზე და გეგმავს მის განხილვას, როდესაც პალატა სააღდგომო არდადეგების შემდეგ დაბრუნდება.
ჯონსონმა თქვა, რომ პაკეტში შესაძლოა, შევიდეს რამდენიმე „ძირითადი სიახლე“, მაგალითად უკრაინისთვის სესხის მიცემა.
„პრეზიდენტმა ტრამპმაც კი ისაუბრა სესხის კონცეფციაზე, სადაც... ჩვენ უბრალოდ არ ვუწევთ დახმარებას, ჩვენ ვქმნით ისეთ ურთიერთობას, რომ მათ შეუძლიათ დაგვიბრუნონ ის, როცა დრო მოვა“, - თქვა ჯონსონმა.