ირანმა რუსეთი მოსალოდნელი მასშტაბური ტერორისტული თავდასხმის შესახებ წინასწარ გააფრთხილა, – ამის შესახებ სააგენტო Reuters ექსკლუზიურად მოპოვებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით წერს.
სააგენტოს სამი წყაროს თანახმად, თეირანმა გააფრთხილა რუსეთის ხელისუფლება დიდი "ტერორისტული ოპერაციის" შესახებ რუსეთში “კროკუს სითი ჰოლზე“ თავდასხმამდე ცოტა ხნით ადრე.
ერთ-ერთი წყაროს ცნობით, თავდასხმამდე რამდენიმე დღით ადრე თეირანმა მოსკოვს გაუზიარა ინფორმაცია რუსეთის შიგნით შესაძლო დიდი ტერორისტული თავდასხმის შესახებ, რომელიც მოიპოვეს ირანში 3 იანვარს მომხდარ აფეთქებებთან დაკავშირებით დაკავებულთა დაკითხვის დროს.
3 იანვარს, სამხრეთ ირანში, ქალაქ ქერმანში, სასაფლაოს მახლობლად მომხდარი ორი აფეთქების შედეგად 100-მდე ადამიანი დაიღუპა და 150-მდე დაშავდა. თავდასხმა მოხდა ისლამური რევოლუციის გვარდიის გენერლის ყასემ სოლეიმანის გარდაცვალების მეოთხე წლისთავთან დაკავშირებით გამართულ ცერემონიაზე.
პასუხისმგებლობა, ისევე როგორც მოსკოვში მომხდარ ტერაქტზე, აიღო „ისლამური სახელმწიფოს“ ავღანეთის ფილიალმა „ხორასანის ვილაიეთმა“.
ერთ-ერთი წყაროს თქმით, ირანის ხელისუფლებამ შეასრულა თავისი ვალდებულება და აცნობა მოსკოვს დაკავებული ტერორისტებისგან მოპოვებული ინფორმაცია.
ირანის დაზვერვის უწყებაში განაცხადეს, რომ 3 იანვარს ქერმანში განხორციელებულ თავდასხმასთან კავშირის გამო 35 ადამიანი დააკავეს. რამდენიმე დღეში კი, 19 იანვარს მათ“ ისლამური სახელმწიფოს“ ავღანური ფილიალის ხორასანის მეთაური აიყვანეს.
„ხორასანი“ მტრად მიიჩნევს, როგორც შიიტურ ირანსა და ჩინეთს, სადაც შეზღუდულია მუსლიმების უფლებები, ისე რუსეთს, რომელიც აწარმოებდა ომებს ჩეჩნეთსა და სირიაში, ასევე დასავლეთის ქვეყნებს.