დასავლური ჯარები სამომავლოდ, შესაძლოა, დაეხმარონ უკრაინას რუსეთთან ომში, მაგრამ ჯერჯერობით უკრაინაში მათი გაგზავნა არ განიხილება. ამის შესახებ ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ელინა ვალტონენმა Financial Times-თან ინტერვიუში განაცხადა.
„ახლა ჯარების გაგზავნის დრო არ არის და ამ ეტაპზე ამის განხილვაც არ გვსურს. მაგრამ გრძელვადიან პერსპექტივაში, რა თქმა უნდა, არაფერი უნდა გამოვრიცხოთ“, - თქვა მან.
ვალტონენმა მხარი დაუჭირა საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონს, რომელმაც პირველმა განაცხადა ასეთი შესაძლებლობის შესახებ. მისი აზრით, მაკრონი სწორად მოიქცა, როდესაც რუსეთი გამოცანის წინაშე დააყენა, თუ რის გაკეთებას აპირებდნენ უკრაინის მოკავშირეები. „რატომ უნდა გავხსნათ ყველა ჩვენი კარტი, განსაკუთრებით ისე, რომ არ ვიცოდეთ, რას გამოიწვევს ეს ომი და რა მოხდება მომავალში? - დასძინა მინისტრმა.
შეგახსენებთ, რომ ემანუელ მაკრონმა ადრე განაცხადა, რომ „დასავლური ჯარების უკრაინაში გაგზავნა არ არის გამორიცხული“. შემდგომში მან დაამატა, რომ მისი რეზონანსული სიტყვები საგულდაგულოდ იყო გააზრებული.