სამხრეთ-აღმოსავლეთ თურქეთის ერთ-ერთ სოფელში, საარჩევნო უბანზე მყოფ პირებს შორის შელაპარაკება შეიარაღებულ დაპირისპირებაში გადაიზარდა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა და ათზე მეტი დაშავდა. იუწყება თურქული მედია.
შემთხვევა დილით დიარბაკირის პროვინციის სოფელ აღაქლიდერში მოხდა. საარჩევნო პროცესის მონაწილეებს შორის დაპირისპირება გადაიზარდა შეტაკებაში, რომლის დროსაც გამოყენებული იყო ჯოხები, ქვები და ცეცხლსასროლი იარაღი.
ამ დროისთვის ცნობილია ერთი გარდაცვლილის და 12 დაშავებულის შესახებ, მათგან ორის მდგომარეობა მძიმეა.
მედიის ცნობით, დაღუპულია სახალხო დემოკრატიული პარტიის წარმომადგენელი 44 წლის პირი, რომელიც საარჩევნო კომისიის წევრი იყო. ის ცეცხლსასროლი იარაღიდან მიყენებული ჭრილობების შედეგად გარდაიცვალა.
ექიმები თავდაპირველად ვერ ახერხებდნენ დასახმარებლად მისვლას, რადგან ადგილზე შეიარაღებული შეტაკებები გრძელდებოდა.
ტყვიები მოხვდა ადგილობრივი ჟურნალისტების ავტომობილსაც, ასევე დაზიანდა რამდენიმე სასწრაფო დახმარების მანქანა.
სოფელში პოლიციის დამატებითი ძალები იყო მობილიზებული. დაიკეტა სოფელში შესასვლელი გზებიც.
დღეს თურქეთში ადგილობრივი არჩევნები ქვეყნის მასშტაბით 81 პროვინციაში იმართება.