თურქეთის სპეცსამსახურებმა ტერორისტულ დაჯგუფება „ისლამურ სახელმწიფოსთან“ კავშირში ეჭვმიტანილი 51 ადამიანი დააკავეს.
ამის შესახებ თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრი ალი ერლიკაია სოციალურ ქსელ X-ში წერს.
მისი თქმით, ეჭვმიტანილების დაკავების ოპერაციები თურქეთის 21 პროვინციაში ჩატარდა.
ოპერაციაში მონაწილეობდნენ პროვინციების პოლიციის დეპარტამენტები, მათ კოორდინაციას უწევდნენ პროკურატურა, გენერალური უსაფრთხოების დეპარტამენტი, დაზვერვის დეპარტამენტი და ანტიტერორისტული დეპარტამენტი.
ISIS-თან კავშირისთვის ყველაზე მეტი ეჭვმიტანილი - ათი ადამიანი ანკარის პროვინციაში დააკავეს.
მინისტრმა დასძინა, რომ ოპერაციების დროს ამოღებულია დიდი რაოდენობით ორგანიზაციული დოკუმენტაცია და ციფრული მასალა.
სამშაბათს, 26 მარტს, თურქმა სამართალდამცავებმა ჯიჰადისტურ დაჯგუფება „ისლამურ სახელმწიფოსთან“ კავშირში ეჭვმიტანილი 147 ადამიანი დააკავეს.