სულ მცირე შვიდი ადამიანი დაიღუპა ჩრდილოეთ სირიის ქალაქ ააზაზის ცენტრალურ ბაზარში აფეთქების შედეგად. დაშავდა რამდენიმე ადამიანი. გავრცელებული ინფორმაციით, აფეთქდა დანაღმული მანქანა.
ჯერჯერობით უცნობია ვინ დგას ამ აფეთქების უკან თურქეთის საზღვრიდან შვიდ კილომეტრში მდებარე პატარა ქალაქში.
აფეთქების დროს ბაზარი სავსე იყო ხალხით.
ორგანიზაცია „თეთრი ჩაფხუტების» წევრებმა განაცხადეს, რომ დაღუპულებს შორის ორი ბავშვია.
ქალაქ ააზაზს აკონტროლებენ პროთურქული ჯგუფები, რომლებიც იბრძვიან სირიის პრეზიდენტის ბაშარ ალ-ასადის წინააღმდეგ.
თურქეთის ჯარები და მათი მხარდაჭერილი ძალები აკონტროლებენ სირიის დიდ ტერიტორიებს თურქეთის საზღვართან.
ააზაზი თავისუფალი სირიის არმიის დასაყრდენია. ქალაქში მდებარეობს სირიის დროებითი მთავრობის შტაბ-ბინა, ოპოზიციური ჯგუფი, რომელიც აცხადებს, რომ არის ქვეყნის ლეგიტიმური ხელისუფლება.