„კროკუს სითი ჰოლში“ მომხდარი ტერაქტის შემდეგ ტაჯიკი მიგრანტები რუსეთს მასობრივად ტოვებენ. ზოგიერთი მათგანი შევიწროების შემთხვევებზეც ლაპარაკობს. ამის შესახებ სააგენტო "ტასს“ ტაჯიკეთის შრომის მინისტრის მოადგილემ, შაჰნოზა ნოდირიმ განუცხადა.
მისი თქმით, სამინისტროში უამრავი ადამიანი რეკავს. მათი უმეტესობა გამოხატავს შიშს და რუსეთის დატოვების სურვილს გამოთქვამს.
”ჩვენ ახლა ვაკვირდებით სიტუაციას; უფრო მეტი ადამიანი მოდის რუსეთიდან, ვიდრე მიდის”, - თქვა ნოდირიმ. ამასთან, ის ფიქრობს, რომ ეს დროებითი მოვლენა იქნება.
ამასთან, შაჰნოზა ნოდირი აღნიშნავს, რომ რუსეთის ფედერაციაში ტაჯიკეთის მოქალაქეების ჩაგვრის შემთხვევები დაფიქსირდა, ხოლო რუსეთში ტაჯიკეთის შრომის სამინისტროს წარმომადგენლობამ მიიღო მუქარის შემცველი შეტყობინებები ტერაქტის შემდეგ.
გამოძიების თანახმად, "კროკუს სითი ჰოლში" მომხდარი ტერაქტის ოთხივე შემსრულებელი ტაჯიკეთის მოქალაქეა.
ტერაქტის შემდეგ რუსეთში გახშირდა მიგრანტების შემოწმების პროცედურები. უფლებადამცველი ორგანიზაციების ცნობით, სანქტ-პეტერბურგში დაიწყო მასშტაბური ოპერაცია „ანტიმიგრანტი“ ცენტრალური აზიის ქვეყნების მოქალაქეების დეპორტაციასთან დაკავშირებით. გამოცემა „მედუზას“ ცნობით, მოსკოვში ტერაქტის შემდეგ გაძლიერდა აღმოსავლური გარეგნობის მქონე პირების შემოწმება.