400 ტონა ჰუმანიტარული სურსათით დატვირთული გემები კვიპროსის ქალაქ ლარნაკას პორტიდან გავიდნენ ღაზის სექტორში დახმარების ჩასატანად.
მედიის ცნობით, ფლოტილია ორი საქველმოქმედო ორგანიზაციის -ამეიკული World Central Kitchen-სა და ესპანური Open Arms-ის მიერ არის ორგანიზებული.
ჰუმანიტარული დახმარების მიწოდება ღაზის სექტორში საზღვაო გზით უკვე მეორედ ხორციელდება. პირველად გემით პალესტინის ანკლავში დაახლოებით 200 ტონა დახმარება ჩაიტანეს.
ამერიკის არმია ღაზის სექტორში ჰუმანიტარული დახმარების გადატვირთვისთვის დროებითი მცურავი ნავსადგურის აშენებას გეგმავს.
დღეს სააგენტო AFP-მა ორგანიზაცია „წითელ ნახევარმთვარეზე“ დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ ღაზის სექტორში ჰუმანიტარული ტვირთის დარიგებისას სულ მცირე ხუთი ადამიანი დაიღუპა და 30 დაშავდა.
„წითელი ნახევარმთვარის“ ცნობით, ათასობით ადამიანი შეიკრიბა ღაზაში 15-მდე ჰუმანიტარული დახმარებით დატვირთული მანქანის დასახვედრად. თვითმხილველებმა AFP-ს განუცხადეს, რომ შეკრებილთაგან ზოგიერთმა ჰაერში სროლა დაიწყო. ისრაელელმა ჯარისკაცებმაც გახსნეს ცეცხლი. რამდენიმე ადამიანს სატვირთო მანქანა დაეჯახა, როცა ისინი ცდილობდნენ სატვირთოში შეღწევას და საკვების გამოტანას.