ბულგარეთი და რუმინეთი 31 მარტიდან შენგენის ზონის ახალი წევრები გახდებიან, მაგრამ ევროკავშირის საბჭოს ჯერ არ გადაუწყვეტია შიდა სახმელეთო საზღვრებზე შემოწმების გაუქმების თარიღი.
31 მარტიდან ბულგარეთში და რუმინეთში შენგენის წესები ამოქმედდება, მათ შორის შენგენის ვიზების გაცემა, ხოლო შიდა საჰაერო და საზღვაო საზღვრებზე კონტროლი გაუქმდება. თუმცა, ევროკავშირის საბჭოს ჯერ არ მიუღია გადაწყვეტილება ბულგარეთს, რუმინეთსა და შენგენის სხვა ქვეყნებს შორის შიდა სახმელეთო საზღვრებზე შემოწმების გაუქმებაზე.
ევროკომისიის განცხადებით, ამ ორი სახელმწიფოს შენგენის ზონაში გაწევრიანება აღნიშნულ საერთო სივრცეს უფრო მიმზიდველს გახდის.
„ხვალ მნიშვნელოვანი დღეა: ბულგარეთი და რუმინეთი უერთდებიან შენგენის ოჯახს, მივესალმები შიდა საჰაერო და საზღვაო საზღვარზე შემოწმების გაუქმებას. ეს არის დიდი წარმატება ორივე ქვეყნისთვის. ეს არის ისტორიული მომენტი შენგენის ზონისთვის, მსოფლიოში თავისუფალი გადაადგილების უდიდესი სივრცისთვის. ერთად ჩვენ ვაშენებთ უფრო ძლიერ, უფრო ერთიან ევროპას ყველა ჩვენი მოქალაქისთვის“, – აღნიშნა ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა.
ევროკომისიაში ასევე განაცხადეს, რომ ბულგარეთი და რუმინეთი მუდმივად აჩვენებენ მაღალი დონის ვალდებულებას ევროკავშირის გარე საზღვრების ადეკვატური დაცვის უზრუნველსაყოფად და მუდმივად მოქმედებენ შენგენის ზონის შიდა უსაფრთხოების უმთავრეს კონტრიბუტორებად.