საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ინფორმაციით, ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების თამაშებზე დასასწრები ბილეთების გაყიდვა UEFA-ს ბილეთების ოფიციალური პორტალის საშუალებით წარიმართება.
"როგორც მოგეხსენებათ, ევროპის ჩემპიონატი უეფას ეგიდით ტარდება შესაბამისად, ბილეთების რეალიზაცია მათი უშუალო ჩართულობით იმართება. ამ ეტაპზე მიმდინარეობს საბოლოო დეტალების დაზუსტება ბილეთების გაყიდვის პროცედურასთან დაკავშირებით.
ბილეთების გაყიდვა UEFA-ს ბილეთების ოფიციალური პორტალის საშუალებით წარიმართება. უახლოეს დღეებში, UEFA-სგან დეტალური ინფორმაციის მიღების შემდეგ, ფეხბურთის ფედერაცია სრულ ინფორმაციას მიაწოდებს გულშემატკივარს საქართველოსთვის განკუთვნილი ბილეთების რეალიზაციასთან და თარიღთან დაკავშირებით“, - აცხადებენ ფეხბურთის ფედერაციაში.
საქართველო პირველ მატჩს 18 ივნისს ქალაქ დორტმუნდში თურქეთის წინააღმდეგ გამართავს, შემდეგ ჩეხეთს ქალაქ ჰამბურგში დაუპირისპირდება, ჯგუფური ეტაპის დასკვინითი შეხვედრა კი პორტუგალიასთან ქალაქ გელზენკირხენში გაიმართება.