ნატო-ს სამხედრო კომიტეტის ხელმძღვანელმა, ადმირალმა რობ ბაუერმა განაცხადა, რომ ამჟამად არ არსებობს ნიშნები იმისა, რომ რუსეთი ნატო-ს რომელიმე ქვეყანაში შეჭრას გეგმავს.
"არა მგონია, რომ პირდაპირი საფრთხე იყოს. პრობლემა ის არის, რომ რუსეთის ამბიციები უკრაინის ფარგლებს გარეთაც ვრცელდება. ჩვენ ეს ვიცით, ამიტომ ალიანსი უფრო მეტად უნდა იყოს უფრო მომზადებული", - განაცხადა მან ლატვიაში ვიზიტის დროს.
კითხვაზე, მიიჩნევს თუ არა ნატო საფრთხედ, თუ რუსეთი დაიწყებს სეპარატისტების მხარდაჭერას ბალტიის ერთ-ერთ ქვეყანაში, ბაუერმა უპასუხა, რომ ნატო-ს ხელშეკრულების მე-3 მუხლის მიხედვით, თითოეულ ქვეყანას უნდა შეეძლოს თავის დაცვა.
„თუკი მსგავსი რამ მოხდება, მაშინ უსაფრთხოებაზე ზრუნვა შესაბამისი ქვეყნის პასუხისმგებლობაა. თუ საუბარია ჰიბრიდულ ოპერაციებზე, მაშინ, მაგალითად, ლატვიას მოუწევს ამაზე რეაგირება. რა თქმა უნდა, თუ ლატვიას სურს დაიწყოს კონსულტაციები სხვა წევრ-ქვეყნებთან, რაც მე-4 მუხლით არის გათვალისწინებული, ეს შესაძლებელია. ამაზე ვისაუბრებთ და შევთანხმდებით იმაზე, თუ როგორ გავაგრძელებთ ჩვენ, როგორც ალიანსი, მოქმედებას. მინდა აღვნიშნო, რომ კიბერ აქტივობა სხვა სახელმწიფოს მხრიდან, საკმარისი მიზეზია მე-5 მუხლის გასააქტიურებლად. მე-5 მუხლი შეიძლება გამოყენებულ იქნას არა მხოლოდ პირდაპირი თავდასხმის შემთხვევაში“, - დასძინა ბაუერმა.