გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სახელმწიფო ტყის ტერიტორიაზე სამონადირეო მეურნეობის მოწყობის საკითხზე საჯარო განხილვა გაიმართა. შეხვედრაში გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და სამინისტროს სისტემაში შემავალი შესაბამისი სამსახურების, ასევე, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები და დაინტერესებული საზოგადოება მონაწილეობდა.
სამინისტროს წარმომადგენლებმა შეხვედრის მონაწილეებს ჯუმათის სატყეო უბანში არსებულ 625 ჰა ფართობზე სამონადირეო მეურნეობის სპეციალური ლიცენზიის გაცემასთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს, სამომავლოდ ღონისძიებებზე იმსჯელეს და დასმულ კითხვებს უპასუხეს.
როგორც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ბიომრავალფეროვნებისა და სატყეო დეპარტამენტის ხელმძღვანელმა კარლო ამირგულაშვილმა აღნიშნა, ტერიტორიაზე, ერთი მხრივ, უნდა მოხდეს სახეობათა აღწარმოება და, მეორე მხრივ, დაინერგოს სწორი ნადირობის პრაქტიკა.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა სამონადირეო მეურნეობისთვის შერჩეული ტერიტორიის მიმდებარე სოფლების მოსახლეობასთან შეხვედრის ინიციატივა გამოთქვეს.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სამონადირეო მეურნეობის მოწყობის საკითხზე მუშაობა ადგილობრივი თემისა და მონადირეების ინიციატივით დაიწყო. სსიპ გარემოს ეროვნულ სააგენტოს სამონადირეო მეურნეობის სპეციალური ლიცენზიის გაცემის მიზნით აუქციონის გამოცხადებასთან დაკავშირებით, ა(ა)იპ საქართველოს მონადირეთა კავშირმა მიმართა.